ტელეკარდიოლოგიის პირველი პროექტი საქართველოში - გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის და ეროვნული საინფორმაციო სასწავლო ცენტრის ერთობლივი პროექტი

გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა (დირექტორი აკად. გულიკო ჩაფიძე, ინტერვენციული კარდიოლოგიის განყ. გამგე - პროფ. ალექსანდრე ალადაშვილი) 1999-2001 წწ. ატლანტა-თბილისის ჯანმრთელობის თანამშრომლობის პროგრამის (შემდგომში -კავშირი "პარტნიორები ჯანმრთელობისათვის") ფარგლებში გახსნილი ეროვნული საინფორმაციო სასწავლო ცენტრის (დირექტორი - მედ. მეცნ. კანდ. ზვიად კირტავა) მეშვეობით განახორციელა ტელეკარდიოლოგიის პირველი პროექტი საქართველოში - ბად-კროცინგენის (გერმანია) გულის კლინიკასა (პროფ. ჰელმუტ როსკამი) და სტამბოლის (თურქეთი) კოშიოლუს გულის კლინიკებთან (განყ. გამგე - პროფ. ისმეთ დინდარი).

კორონარული ანგიოგრამების სკანირებამ და ელექტრონული ფოსტით გადაგზავნამ საშუალება მოგვცა რთულ შემთხვევებში პაციენტის დიაგნოზი და მომავალი ოპერაციული ჩარევის გეგმა შეთანხმებულიყო უცხოელ სპეციალისტებთან. იმ შემთხვევაში, თუ ოპერაციის სირთულე მიზანშეწონილს ხდიდა მის საზღვარგარეთ ჩატარებას, საკმაო რაოდენობით დრო და ხარჯები იქნა დაზოგილი, რამდენადაც ტელეკონსულტაციის წყალობით ავადმყოფი უკვე გამოკვლეული ჩადიოდა სპეციალისტთან, რომელიც მის კორონაროგრამას დეტალურად იცნობდა.


 

1999-2001 წწ განმავლობაში ამ გზით გკც-ის ბაზაზე 900 მეტი კორონოგრაფიულად შესწავლილი პაციენტიდან  ერთობლივი პროექტის გამოყენებით საკონსულტაციოდ გადაიგზავნა 62 ავადმყოფის კორონაროგრამა. მათგან უმეტესობას (47) ჩაუტარდა ანგიოპლასტიკა და სტენტირება გერმანელ კოლეგებთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით (42-ს - თბილისშივე, გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში), ხოლო 14 ავადმყოფი, რომლებიც შედარებით რთულ ჩარევას – კორონარულ შუნტირებას საჭიროებდენენ, გაგზავნილ იქნა საოპერაციოდ გერმანიასა ან თურქეთში. ტელემედიცინის გამოყენებით საოპერაციოდ გაგზავნილი პაციენტების გამოკვლევის დრო და ხარჯები დაახლოებით 2-3-ჯერ შემცირდა.

პროექტის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების მეშვეობით ასევე ამაღლდა ადგილობრივი კადრების მომზადების დონე, მათი თავდაჯერებულობა და პაციენტის მომსახურების უსაფრთხოება და ხარისხის კონტროლი.

2001 წლიდან, ჩაფიძის ცენტრში გაიხსნა კარდიოქირურგიული განყოფილების სრულად ამოქმედების შედეგად, შუნტირების ოპერაციებიც უკვე  გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ტარდება.

აღნიშნული გამოცდილების შესახებ გაკეთდა მოხსენება ტელემედიცინის საერთაშორისო საზოგადოების უპსალის მე-6 კონგრესსა (2001) და ლუქსემბურგის ტელემედიცინის და ტელედახმარების საერთაშორისო გამოფენაზე (2002), მასალა ასევე გამოქვეყნდა უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში:

Kirtava Z, Paposhvili K, Jorjoliani D, Sheshelidze D. Telemedicine and distance learning - experience in Georgia and future prospects. J Telemed Telecare. 1999;5 Suppl 1:S61-3.

Kirtava Z, Aladashvili A, Chapidze G. Still Image Teleconsulting for Interventional Cardiology in Georgia. Abstracts of the 6th Int. Conference on Telemedicine.Technology and Health Care, 2001;9:342-3.

 

ტელემედიცინა დღეს და პერსპექტივები

2010 წელს  ატლანტა-თბილისის თანამშრომლობის ბაზაზე დაფუძნებულმა კავშირმა “პარტნიორები ჯანმრთელობისათვის” (თავმჯდომარე – პროფ. ზ.კირტავა) აშშ CRDF ფონდის ადგილობრივი განყოფილების (GRDF - საქართველოს სამეცნიერო ტექნოლოგიური განვითარების ფონდის) და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი გრანტით და კომპანია “მაგთიკომის” თანადაფინანსებით განახორციელა საქართველოში მობილური ტელემედიცინის პირველი პილოტური პროექტი – გულის არითმიის მობილური ტელემონიტორინგი.

მობილური ტელემედიცინის აპარატურით ხდება გულის არითმიით დაავადებული პირების მონიტორინგი. გერმანული კომპანია VitaPhone-ის ჰოლტერის ტიპის, მარყუჟოვანი ელექტროკარდიოგრაფი ავტომატურად აფიქსირებს არითმიის ეპიზოდებს და ბლუთუსის მეშვეობით გადასცემს მობილურ ტელეფონს, რომელიც სპეციალური პროგრამის გამოყენებით და 3G კომუნიკაციის მეშვეობით აგზავნის ინტერნეტ-სერვერზე. ხოლო იქედან პაციენტის კარდიოგრამა ექიმის ელექტრონულ-ფოსტაში ხვდება.  

პროექტის ფაზაში გამოკვლეული იქნა 40 ავადმყოფი, რომელთა შესწავლით დადასტურდა მეთოდის განხორციელებადობა, სანდოობა და კომფორტულობა როგორც ექიმისათვის, ასევე - განსაკუთრებით პაციენტებისათვის.


 

მობილური ტელემედიცინის უპირატესობები:

ა) ავადმყოფი აღარ არის შეზღუდული სტაციონარში ყოფნით და მისი სრულყოფილი მონიტორინგი შინ და გარეთ მუდმივად ხდება, თუნდაც ექიმი (ან ექიმები) მისგან რამდენიმე ათასი კილომეტრით იყოს დაცილებული.

ბ) პაციენტის მონიტორინგი მაშინაც ტარდება, როცა ის რაიმე საქმიანობითაა დაკავებული. ამდენად, ავადმყოფის ცხოვრების კომფორტი იზრდება მისი სიცოცხლისათვის რისკის ზრდის გარეშე.

გ) ავადმყოფის კარდიოგრამის ნახვა ერთდროულად შეუძლიათ სხვადასხვა სპეციალისტებს, რომელთაც თავიანთი ადგილსამყოფელის მიუხედავად მომენტალურად შეუძლიათ კონსილიუმის გამართვა და პაციენტისათვის აუცილებელი და დროული რჩევების მიწოდება.

ავადმყოფის რითმის დარღვევის ყველა შემთხვევა ელექტრონულად იწერება სერვერზე, კონფიდენციალურობის დაცვით და მომავალში ხელმისაწვდომი იქნება შედარებისა და ანალიზისათვის.

დ) გულის რითმის სხვადასხვა სახის დარღვევების მართვა არა მარტო გაადვილებულია, არამედ სტაციონარში მონიტორინგთან შედარებით 3-5-ჯერ უფრო იაფიც ჯდება.

 ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მობილური ჯანმრთელობის აპარატურით არტერიული ჰიპერტენზიის და კორონარულიარეტრიების დაავადებით პაციენტებში ტელემონიტორინგის პროექტის დასაფინანსებლად.


 

აღნიშნული პროექტებიც დანერგილი იქნება ჩაფიძის სახ. გულის ცენტრში.

ტელემედიცინა ასევე გამოყენებულ იქნება რეგიონულ სკრინინგ ცენტრებთან (განზრახულია მათი ამოქმედება ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და გურჯაანში) და მთიან რეგიონებში (სვანეთი, მთიანი აჭარა) ტელეკონსულტაციებისათვის.

განზრახულია ასევე ელექტრონული და მობილური ჯანმრთელობის საერთაშორისო მულტიცენტრული პროექტების მომზადება და აშშ და ევროკავშირის ერთობლივ სამეცნიერო პროგრამებში მონაწილეობის მიღება.