კარდიოქირურგიული ტელეკონსულტაციები

ცენტრში ამჟამად დანერგილია ანგიოგრაფიული მონაცემების ტელეკონსულტაციის სერვისი კარდიოლოგიური კლინიკა "გულის" იმ პაციენტებისათვის, რომელთაც, სავარაუდოდ, კარდიოქირურგიული დახმარება სჭირდებათ.

ანალოგიური სერვისი ამოქმედდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩაფიძის გულის ცენტრის სკრინინგ-ცენტრების სრულფასოვანი ამოქმედების კვალობაზე.
 

მობილური ტელემედიცინა

ამავდროულად გულის არითმიიით ამბულატორიული პაციენტებისათვის ჩაფიძის ცენტრში დანერგილია მობილური ტელემედიცინის აპარატურით (VitaPhone 3300 BT Loop Recorder) ტელემონიტორინგი, რაც საშუალებას აძლევს არითმიით ავადმყოფს საავადმყოფოდან გაწერის ან ანტიარითმიული მკურნალობის რეჟიმის შეცვლის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ბინაზე იმყოფებოდეს ცენტრის კვალიფიციური სპეციალისტების მხრიდან კონტროლის პირობებში და საკუთარი ცხოვრების წესის შეზღუდვის გარეშე მოხდეს მისი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ადაპტაციის მონიტორინგი.

მობილური ტელემედიცინის უპირატესობები:

  ა) ავადმყოფი აღარ არის შეზღუდული სტაციონარში ყოფნით და მისი სრულყოფილი მონიტორინგი შინ და გარეთ მუდმივად ხდება, თუნდაც ექიმი (ან ექიმები) მისგან რამდენიმე ათასი კილომეტრით იყოს დაცილებული.

ბ) პაციენტის მონიტორინგი მაშინაც ტარდება, როცა ის რაიმე საქმიანობითაა დაკავებული. ამდენად, ავადმყოფის ცხოვრების კომფორტი იზრდება მისი სიცოცხლისათვის რისკის ზრდის გარეშე.

გ) ავადმყოფის კარდიოგრამის ნახვა ერთდროულად შეუძლიათ სხვადასხვა სპეციალისტებს, რომელთაც თავიანთი ადგილსამყოფელის მიუხედავად მომენტალურად შეუძლიათ კონსილიუმის გამართვა და პაციენტისათვის აუცილებელი და დროული რჩევების მიწოდება.

ავადმყოფის რითმის დარღვევის ყველა შემთხვევა ელექტრონულად იწერება სერვერზე, კონფიდენციალურობის დაცვით და მომავალში ხელმისწავდომი იქნება შედარებისა და ანალიზისათვის.

დ) გულის რითმის სხვადასხვა სახის დარღვევების მართვა არა მარტო გაადვილებულია, არამედ სტაციონარში მონიტორინგთან შედარებით 3-5-ჯერ უფრო იაფიც ჯდება.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მობილური ტელემედიცინის აპარატურით არტერიული ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის პაციენტების მონიტორინგის დანერგვის პროექტის განსახორციელებლად.