1997 წელს ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო თანამედროვე ანგიოკარდიოგრაფიული დანადგარით აღჭურვილმა გულსისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორიამ, რომელშიაც საქართველოში პირველად ჩატარდა პოლიპროექციული კორონაროგრაფია (1997) და კორონარული არტერიების ბალონური დილატაცია და სტენტირება (1998).  1999 წელს გერმანული პარტნიორი ორგანიზაციის  - ბად-კროცინგენის გულის ცენტრიდან განხორციელდა ინტერვენციული კარდიოლოგიის განყოფილების პროფესორის ბატონ ბიუტნერის ვიზიტი საქართველოში და ჩაფიძის ცენტრის ადგილობრივ ექიმებთან ერთად პირველი 12 პერკუტანული კორონარული ინტერვენცია (PCI).

2000 წელს ცენტრში გაიხსნა კარდიოქირურგიული განყოფილება, სადაც საქართველოში პირველად დაიწყო ყველა სახის კარდიოქირურგიული ოპერაციების რეგულარულად ჩატარება. პირველ ხანებში გერმანელი პარტნიორები პერიოდულად ანხორციელებდნენ ტრენინგ ვიზიტებს თბილისში, ასევე დაახლოებით 40-მა ქართველმა სპეციალისტმა გაიარა სტაჟირება ბად-კროცინგენის გულის ცენტრის ბაზაზე.

2004 წელს ცნობილი გერმანელი კარდიოქორურგი, ბად კროცინგენის კარდიოვასკულარული განყოფილების გამგე პიტერ ტოლენარი თბილისში, გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში გადმოვიდა სამუშაოდ. იგი ამჟამადაც აქ მუშაობს  ცენტრის მთავარ კონსულტანტად.

 

2009 წელს ცენტრში  ამოქმედდა  უახლესი მოდელის სტაციონარული ანგიოკარდიგრაფიული დანადგარით / ALLURA X per FD 10/PHILIPS/  აღჭურვილი   გულსისხლძარღვთა კათეტერიზაციის მეორე ლაბორატორია,რომელიც   იძლევა გულისა და სისხლძარღვების უმაღლესი ხარისხის რენტგენგამოსახულების (კორონაროგრამა, ვენტრიკულოგრამა) მიღების საშუალებას, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს წინაპირობაა იმისა, რომ პაციენტებისათვის ინვაზიური და ინტერვენციული პროცედურები ჩატარდეს  თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების  დონეზე.


 

სადღეისოდ კარდიოქირურგიული განყოფილებაში წარმატებით ჩატარებულია კორონარული შუნტირების - 6000-მდე მეტი და სარქვლების პლასტიკის - 150-ზე მეტი ოპერაცია. კარდიოქრირუგიული განყოფილების გამგე პროფ. ზვიად ბახუტაშვილისა და მისი კოლეგებისათვის პრიორიტეტულია სწორედ გულის სარქვლების პლასტიკაა და პლასტიკიდან სარქვლის პროტეზირებაზე გადასვლის მაჩვენებლების კიდევ უფრო მეტად შემცირება.