პირველი ნაბიჯები

გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის იდეა და განხორციელება ღვაწლმოსილი ქართველი ექიმის, პროფ. გულნარა ჩაფიძის დამსახურებაა.

გულნარა ჩაფიძე - შ.პ.ს. "გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის” დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ორგზის და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სამედიცინო-სოციალურ  მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.

1962 წ. ქალბატონი გულნარა ბრუნდება თბილისში და მუშაობას იწყებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მისი ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით თერაპიის ს/კ ინსტიტუტში შეიქმნა "მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილება". ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი, ხოლო ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში - ერთ-ერთი პირველი (მესამე) სპეციალიზირებული კარდიოლოგიური განყოფილება.

ქალბატონ გულნარას ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით შესწავლილი იქნა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის კლინიკური მიმდინარეობისა და მკურნალობის თავისებურებები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. შემუშავებული იქნა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს იშემიური დაზიანების შემოფარგვლის ეფექტური მეთოდები სხვადასხვა მექანიზმის მქონე პრეპარატების გამოყენებით. პროფ. გ. ჩაფიძეს დიდი შრომა აქვს გაწეული მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს გულის რითმის რთული დარღვევების  მქონე პაციენტებში პარკუჭების პირველადი ფიბრილაციისაგან ლეტალობის შემცირების მიზნით ახალი მედიკამენტების ეფექტურობის შესწავლასა და პრაქტიკაში დანერგვისათვის.

პროფ. გ. ჩაფიძის მიერ პირველად მსოფლიოში შემუშავებულია მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის სრულიად ახალი მიმართულება - დაბალი ინტენსიობის ჰელიუმ-ნეონის ლაზერის სხივების გამოყენებით. მის მიერ სრულიად სარწმუნოდ დადგენილია ჰელიუმ-ნეონის ლაზერის სხივების ანტიარითმიული, ანალგეზიური მოქმედება და იშემიური დაზიანების შემოფარგვლის უნარი.

1994 წელს პროფ. გ. ჩაფიძის ინიციატივით ჩამოყალიბდა გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი. 1997 წ. ცენტრის ბაზაზე გაიხსნა გულ-სისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორია, სადაც ხორციელდება კორონაროგრაფიული გამოკვლევა, ანგიოპლასტიკა და სტენტირება. 1998 წლიდან ლაბორატორიის სპეციალისტებმა გაიარეს მომზადება გერმანიის ბად-კროცინგენის გულის ცენტრის და თურქეთის კოშიოლუს ჰოსპიტლის ბაზებზე, ასევე - ემორის უნივერსიტეტში (ატლანტა, ჯორჯია). 2001 წ. შეიქმნა ცენტრის კარდიოქირურგიული განყოფილება, რომელიც ერთადერთი იყო საქართველოში, სადაც დაიწყო ყველა სახის კარდიოქირურგიული ოპერაციების  რეგულარული განხორციელება. 

კარდიოლოგიის დარგში შეტანილი დიდი წვლილისა და ხალხის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  2011 წ. 24 ივლისს პროფ. გულიკო ჩაფიძე ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.


ჩაფიძის ცენტრი - მიღწევათა ისტორია

1994 წ. -          პროფ. გ. ჩაფიძის ინიციატივით ჩამოყალიბდა "გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი".

1994 წ. -          ჯანდაცვის მინისტრის ბატონ ავთანდილ ჯორბენაძის ვიზიტი "ბად კროცინგენის გულის ცენტრში“. დაიდო შეთანხმება საქართველოში ინტერვენციული კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის სერვისების განვითარების შესახებ.

1997 წ. -          ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო გულსისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორიამ, რომელშიაც საქართველოში პირველად ჩატარდა პოლიპროექციული კორონაროგრაფია (1997) და კორონარული არტერიების ბალონური დილატაცია და სტენტირება (1998).  

1998-1999 წ.  - ცენტრის სპეციალისტებმა გაიარეს მომზადება გერმანიის ბად-კროცინგენის გულის ცენტრის და თურქეთის კოშიოლუს ჰოსპიტლის ბაზებზე, ასევე - ემორის უნივერსიტეტში (ატლანტა, ჯორჯია, აშშ).

1999 წ. -          ბად-კროცინგენის გულის ცენტრის პროფესორის ბ-ნ ბიუტნერის ვიზიტი საქართველოში და ჩაფიძის ცენტრის ექიმებთან ერთად პირველი 12 პერკუტანული კორონარული ინტერვენცია (PCI).

1999-2000 -     ეროვნულ საინფორმაციო სასწავლო ცენტრთან ერთად განხორციელდა კარდიოლოგიური ტელემედიცინის საერთაშორისო პროექტი, როდესაც ბად-კროცინგენის და კოშიოლუს ჰოსპიტლების პროფესიონალთა დახმარებით ხდებოდა კორონაროგრაფიული ფირების ტელეკონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში კარდიოქორურგიული ოპერაციებისათვის უცხოეთში გაგზავნა.

2001 წ. -         შეიქმნა ცენტრის კარდიოქირურგიული განყოფილება, სადაც პირველად საქართველოში დაიწყო ყველა სახის კარდიოქირურგიული ოპერაციების  რეგულარული განხორციელება. 

2009 წ. -         ცენტრში  ამოქმედდა  უახლესი მოდელის სტაციონარული ანგიოკარდიოგრაფიული დანადგარით (ALLURA X per FD 10/PHILIPS)  აღჭურვილი   გულსისხლძარღვთა კათეტერიზაციის მეორე ლაბორატორია

2011 წ. -         ბად-კროცინგენის გულის ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმით დაარსდა "ჩაფიძის გულის ცენტრი - ქართულ-გერმანული ჰოსპიტალი