ლიტერატურულ-სამედიცინო ჩანახატები

                                                                                                                                                                                                                                                                
                                                                                                            ჩემი კარდიოქირურგები
                                                                                                                                                                                                                                         
          

    ძალიან აჩქარდა ჟამი. ახალს არაფერს ვამბობ ამით (უი, გაირითმა?!). მაგრამ ეს შეგრძნება ერთი წუთითაც არ მტოვებს. 18 დეკემბერიც მალე მოვა ჩემს 55 წელთან ერთად. არც კი მჯერა, 55 ?! მადლობა უფალს თითოეული წლისათვის! მინდა მხოლოდ კარგი მახსოვდეს. იღბლიანი ადამიანი აღმოვჩნდი. მყავს საყვარელი და ფუმფულა დედა, რომელიც დღესაც ისევ ზრუნავს ჩემზე, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი, ჩემი ჭკვიანი და ლამაზი და (არ იჩხუბო ამ ბოლო სიტყვაზე), რომელსაც იმ სიხშირით ვერც ვხვდები და ვერც ვესიყვარულები როგორც მინდა, ერთგული (თუმცა არამრავალრიცხოვანი, და ეს არც არასდროს მინდოდა) მეგობრები და ჩემი ცხოვრების მარგალიტი, პატარა, თუმცა ჩემთვის უზარმაზარი ოჯახი, არაჩვეულებრივი, მზრუნველი შვილით და დღემდე საყვარელი მეუღლით. განა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის ბედნიერებისათვის?! მაგრამ განგებამ კიდევ ერთი დიდი საჩუქარი მარგუნა – პროფესია და სამსახური. მიუხედავად დაძაბული რითმისა ყოველი ახალი დღე ხალისით მივქრივარ სამსახურში. არა, მარტო იმიტომ არა, რომ უზომოდ მიყვარს ჩემი საქმე, იქ ის ადამიანები მხვდებიან, ვინც კიდევ უფრო აფერადებენ ჩემს ყოველდღიურობას. რომელთანაც ერთად ცხოვრების ორ მესამედს ვატარებ და რომლებსაც მინდა რომ იცნობდეთ. რადგანაც ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და ნაკლებად, ან საერთოდაც არ ლაპარაკობენ არც თავის თავზე და არც იმაზე თუ რას და როგორ აკეთებენ. ვიმედოვნებ ჩემი ეს უჩვეულო ინიციატივა მათ არ გააბრაზებს.

მაშ ასე, ვიწყებ ჩემს ლიტერატურულ - სამედიცინო ჩანახატებს  ჩ ე მ ი  კ ა რ დ ი ო ქ ი რ უ რ გ ე ბ ი.
                                       
                                                                                                                                                           ***

     ვღელავ, ვღელავ, ვღელავ. ბევრი კარგი მინდა დავწერო ადამიანებზე, რომლებიც ამას იმსახურებენ, მაგრამ მაინც მეშინია, ამპარტავნებასა და თავისქებაში არ ჩამითვალოთ.არც ერთმა მათგანმა არ იცის რას დავწერ და არც მე ვიცი ამაზე რა რეაქცია ექნებათ. განსაკუთრებით დღევანდელი დღის შემდეგ. და მაინც ...
გულწრფელი რომ ვიყო დავიწყებ ზვიადით.



ჩანახატი პირველი
ზვიად ბახუტაშვილი  – 4270 კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩაფიძის გულის ცენტრში.
ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული შეგიძლია ენდო (ენდეთ ჩემს 25 წლიან გამოცდილებას), აქვს საქმისადმი განსაკუთრებულად გამძაფრებული პასუხისმგებლობა და პედანტიზმი (რომელიც ბევრ სახვა საქმეში დიდად არ მხიბლავს), მუდმივი სურვილი, თანმდევი ქმედებებით, პროფესიულად არ ჩამორჩეს დროს (ზოგჯერ და თუ კარგად ჩამეკითხებით გეტყვით რომ ხშირად, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დროის ხარჯზე), გადაჭარბებულად მომთხოვნი საკუთარი თავისადმი და კიდევ უფრო მეტად ანესთეზიოლოგისადმი ანუ ჩემდამი (ეს რომ სახლშიც ასეთ ხარისხში იყოს ნამდვილად გავგიჟდებოდი), ძალიან მაღალი რანგის კარდიოქირურგი (აქაც უნდა მენდოთ, ვინაიდან ვაფასებ არა  როგორც ცოლი, არამედ როგორც ანესთეზიოლოგი), არაჩვეულებრივად თბილი, რბილი (ყველა ამ სიტყვის ანტონიმი სახლში ვარ მე) და მოსიყვარულე შვილისადმი, ძალიან საინტერესო და ძვირფასი ჩემთვის, ერთგული და საიმედო დანატრებულ - მონატრებული მეგობრებისთვის.
ყველაზე მნიშვნელოვანი მის კარიერაში ( ვფიქრობ არ იქნება ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრი) არის ის ოთხი წარმატებული ქირურგი (თანმიმდევრობით აუცილებლად წარმოგიდგენთ), რომლებიც სწორედ მან, აქ, საქართველოში გაზარდა მაღალი კლასის პროფესიონალებად (რა თქმა უნდა ხშირი და ზოგჯერ ხანგრძლივი მივლინებებითაც საზღვრებს გარეთ). სწორედ ეს კარგი ექიმები და არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი გულანთებული პატრიოტები ( ყველა მათგანს ზვიადთან ერთად ჰქონდათ შესაძლებლობა "სანუკვარ“ ევროპაში ემიგრირების) არიან იმ კარდიოქირურგიული გუნდის წევრები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მზად არიან მაღალკვალიფიციურად გადაწყვიტონ ყველა კარდიოქირურგიული პრობლემა.
სადაც კი, როცა კი მაქვს ამის შესაძლებლობა ყველგან ვამაყობ მათი მიღწევებით, ვამაყობ იმით რომ მათ მასწავლებელს არასოდეს არც ერთი მათგანის წინსვლისათვის ხელი არ შეუშლია.
     შენც ჩემი არ იყოს და იღბლიანი ხარ ზვიად, აკეთებ შენს საყვარელ საქმეს ისეთ გუნდთან ერთად, რომლებზეც წლების წინ ერთად გვიოცნებია. წესიერ, განათლებულ, მადლიერების გრძნობით დაჯილდოებულ პროფესიონალებთან ერთად ჩვენს ქვეყანაში ქმნით მაღალი კლასის კარდიოქირურგიას.
ბედნიერი ვარ, რომ ამ საქმეში და საერთოდ შენს გვერდით ყოფნა მარგუნა განგებამ.

     ვაგრძელებ ეპისტოლარულ ჟანრში ექიმების წარდგენას, რაც სულ უფრო ემსგავსება მათთვის ჩემგან სიყვარულის ახსნას. და აღმოჩნდა რომ მე ეს ძალიანაც მომწონს. ასე უფრო ადვილი ყოფილა თავი მოუყარო ყველა იმ ემოციას, რომლებიც მათთან მაკავშირებს და რომელსაც ყოველდღიური ყოფისა და დაძაბული სამუშაო რეჟიმის გამო ვერ ვახერხებ. აი ესეც ახლა მომაფიქრდა, მხარს თუ ამიბამთ მოხარული ვიქნები. ჩემს მიერ წარდგენილ ექიმებს ვინც იცნობთ კომენტარებში დაწერეთ მათზე თუნდაც სულ მცირე, პაწაწუნა, თბილი კომენტარი. მოვეფეროთ და მივესიყვარულოთ მათ, ჩვენი სიტყვებით გავუთბოთ გულები, და ეს დიდი სიყვარული მათ მიერ გაკეთებულ საქმეებში აუცილებლად აისახება.

ჩანახატი მეორე
ამირან ფრანგიშვილი –335 კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩაფიძის გულის ცენტრში.
მისნაირი ადამიანები ცოტანი არიან. ჩვენ გუნდს გაუმართლა. ყველა ადამიანში, თუნდაც მისი კონკურენტი იყოს (აქ რა თქმა უნდა ლაპარაკია ჯანსაღ, პროფესიულ კონკურენციაზე) მხოლოდ კარგს ხედავს. ხმამაღლა (ვინც მას იცნობს უეჭველი მიხვდება) და თამამად შეუძლია სხვისი სიკეთის და წარმატების სიხარულით მიღება და გულწრფელი აღიარებაც. საუკეთესო ექიმი, არა მარტო როგორც ქირურგი.  კარგი სამედიცინო განათლებით, დაკვირვებული, პასუხისმგებლიანი ყველას და ყველაფრის წინაშე, ზრდილობიანი, დაუზარელი ყველასათვის, ძალიან, ძალიან გულისხმიერი პაციენტებთან, განურჩევლად იმისა არის თუ არა ამ პაციენტის ქირურგი-ოპერატორი. განყოფილების ექთნების ფავორიტი (თეა /ცოლი/ არ დაიძაბო <3), მასთან მორიგეობა ყველასათვის ჯილდოა. 
უზარმაზარი დადებითი მუხტის მატარებელი, მხიარული, მომღიმარი, მუსიკალური, სამი ლამაზი შვილის მამა (თავადაც ძალიან სიმპათიური), კრეატიული მეუღლის პატრონი, საყვარელი შვილი და კიდევ უფრო საყვარელი სიძე (ოღონდ მართლა).
ამირან! ჩემო მეგობარო, წინ და წინ ქირურგიის მწვერვალებისაკენ, დანარჩენში კი დარჩი ისეთი როგორიც ხარ – საუკეთესო.
 
                                                                                                                                                           ***

     იფ, იფ რა კარგი ყოფილა. ვდნები და ვტკბები თქვენ კომენტარებზე (ლია ჯანელიძემ მისი ჩანახატები სოციალურ ქსელ facebook-ის მეშვეობით გამოაქცეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა chapidze.ge). პატარა ბავშვივით ვცმუკავ და ველი შემდეგს. მერე კი, მერე, ბოლოს, როცა ყველას გაიცნობთ და მოეფერებით, თითოეულ თქვენს ნაწერს გულში ჩავიკრავ, ჩემს პატარა ნაწილ სითბოს გადავცემ, შევკრავ ერთ დიდ, სიყვარულის სურნელით გაჟღენთილ თაიგულად და მივართმევ ჩემს ძვირფას კარდიოქირურგებს.

ჩანახატი მესამე.
კახა ბერია  – 356 კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩაფიძის გულის ცენტრში.
გვარმა არ შეგაშინოთ......
მისი სახით საქართველომ სერიოზული პროგრამისტი დაკარგა. სამაგიეროდ ვიპოვეთ ჩვენ, უფრო სწორედ თვითონ გვიპოვა და მადლობა ღმერთს, რომ მედიცინის სიყვარულმა სძლია სხვა არჩევანს. 
მოწესრიგებული, გეგმაზომიერი, ფრთხილი, საიმედო ქირურგი. საოპერაციოში მუშაობს პრინციპით "ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“ (და რა თქმა უნდა ეს არ ხდება ოპერაციის დროის გახანგრძლივების ხარჯზე). მისი ძირითადი თვისებაა აუცილებლად, საფუძვლიანად, ბოლომდე გაერკვეს ნებისმიერ (თუნდაც არასამედიცინო) საკითხში. აქვს უამრავი ნოვატორული იდეა, ძალიან ბევრი შეკითხვა (რის გამოც გაიძულებს იყო მუდმივ მზადყოფნაში აკადემიურად გასცე პასუხი, რაც ჩემს ხასიათთან ძალზედ ახლოა და ძალიანაც მომწონს), არ იღებს და არც კი გისმენს თუ პასუხი დაუსაბუთებულია. მუშაობისას აინტერესებს და ითვალისწინებს სხვის, ოღონდ, სწორ აზრს (რასაც მე ძალიან ვაფასებ), არ უყვარს ტყუილი და პირფერობა (ეს უკვე ქართლის დამსახურებაა დედის მხრიდან <3). არის პაციენტის ნამდვილი გულშემატკივარი, თანაუგრძნობს მას როგორც ძალიან ახლობელს და ბოლომდე თან სდევს კლინიკიდან გაწერამდე. არის გუნდის შეუცვლელი წევრი, განსაკუთრებით კომპიუტერულ – ტექნიკურ საკითხებში. 
 
ორი ქალიშვილის და მომავალში 2 ვაჟიშვილის (ავტ. თამუნა /ცოლი/ მიყვარხარ <3) მამა, მოსიყვარულე მეუღლე, ძალიან მზრუნველი შვილი და ჩემი უმცროსი, უღალატო მეგობარი.
კახა, მე ვიცი შენი ოცნება გულის ქირურგიაში (ამ ეტაპზე დავტოვოთ სიურპრიზად) და ჩვენ ამას ერთად აუცილებლად გავაკეთებთ!!!!! შენი ლია მასწავლებელი (ვგიჟდები როცა ასე მეძახის).

                                                                                                                                                           ***

ბოლო ოთხი დღეა დილით, სამსახურში წასვლამდე (როცა რეაქტიული სიჩქარით დავქრივარ ოჯახის წევრებს საუზმე რომ მოუსწრო) ჩემს თავში სიტყვების კორიანტელია. ვჯდები კომპიუტერთან, რომელსაც აქამდე დიდად არ ვწყალობდი, ვინაიდან ვთვლი რომ დღემდე კალმის და ფურცლის თაობის ადამიანად დავრჩი და ვიწყებ წერას (სიტყვებს ვკრეფ საშუალო სიჩქარით და თან მუდმივად საათზე ვიყურები), რათა ეს ყველაფერი ერთ დიდ აურზაურში არ გადამეზარდოს (ჩემს ძირითად საქმიანობას ხომ დალაგებული და აზრიანი გონება სჭირდება, თორემ რა გაუძლებს ქირურგებს...). ცოტაც, სულ ორი დღეც და მეც დავუბრუნდები ჩემ ჩვეულ რითმს და თქვენც აღარ დაგღლით ჩემი "შედევრებით“ (აქ ხმამაღლა გამეცინა).
ჰმ,... ორი გემრიელი ლუკმა დამრჩა. ერთი დღეს და ერთიც ხვალ.

ჩანახატი მეოთხე.
ლაშა ბასილაძე  – 399 კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩაფიძის გულის ცენტრში. 

ადრეული შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა უფროსმა მეგობარმა დამირეკა. ჩემი ქალიშვილის შეყვარებული შენთან მუშაობს და აბა რას მეტყვიო (მოგეხსენებათ ჩვენი, ქართველი დედების მოჭარბებული ცნობისმოყვარეობა - ინტერესები). დიდხანს არც მიფიქრია ისე ვუპასუხე, შენს ადგილზე რომ ვიყო ძალიანაც ბედნიერი ვიქნებოდი-თქო (მაშინ ჩემი ირინკა მხოლოდ 4 წლის იყო). უფრო ინტუიციურად ვუპასუხე. მას შემდეგ 13 წელი გავიდა. ინტუიციამ გაამართლა. მიხარია რომ არ შევცდი. დღესაც ზუსტად ასე ვფიქრობ და ჩემს მაშინდელ ნათქვამს კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას შევძენდი.
 
მზარდი ქირურგი (არა მარტო ფიზიკურად), საკუთარ თავზე მუშაობის უბადლო მაგალითით, საოპერაციოში დინჯი (დედით რაჭველი), მისი ყველა მოძრაობა ზუსტად გათვლილი და მოზომილი. მე მის მუშაობას ალბათ პრიმიტივისტებს (სტილი მხატვრობაში) შევადარებდი,. უყურებ, მუშაობს თოთქოსდა ნელა და მარტივად, ამავდროულად ოპერაციებს ამთავრებს სწრაფად და მაღალი ხარისხით (განსაკუთრებით თუ მუშაობის დროს საოპერაციოში მისთვის სასურველი მელოდია ჟღერს).
 
იღბლიან ქირურგს ვეძახი. თუმცა ამ იღბალს უმეტესად მისი თავდაუზოგავი შრომა განაპირობებს.
სამაგალითო და ბედნიერი ოჯახი, იმ ჩემი მეგობრის (რუსო მიყვარხარ <3)ვარსკვლავებივით მოციმციმე თვალებიან შვილთან და ორ ვაჟკაცთან ერთად.

ლაშა, შენ ალბათ არც კი გახსოვს როცა პირველად დაგიძახე-ოპერაციაზე ხელი დაგებანა. არც ისე ბევრი წელია მას შემდეგ გასული და ვარ უზომოდ ბედნიერი, რომ დღეს, შემდგარ ქირურგთან ვდგავარ საოპერაციოში, ერთი სიამოვნებაა შენთან ერთად მუშაობა. ძალიან მეიმედები ყველგან და ყველაფერში.
   
                                                                                                                                                           ***


ყოველ ახალი ჩანახატის დაწყებისას თან მდევს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, რომ წინა ისე ვერ დავწერე, იმდენი და ისე ვერ გადმოვეცი, რაც ან როგორც მინდოდა. მერე თავს ვიმშვიდებ იმით, რომ თქვენი კომენტარები (მაინც ცოტა ზარმაცები ვართ წერაში) ავსებენ ჩემს მიერ უნებურად დაკლებულ სიტყვებსა და სიყვარულს . ჩემთვის განსაკუთრებული ქირურგების ერთმანეთზე ჩანაწერებია, როგორ ახარებთ ერთმანეთის წარმატება, როგორ მეგობრობენ. ვიცი რა ზვიადის დამოკიდებულება საქმისადმი და კოლეგებისადმი, სხვანაირი გუნდი მას არ ეყოლებოდა. სხვანაირად ის დიდი საქმე, რომელსაც ერთად აკეთებენ ვერ აეწყობოდა. მინდოდა რომ ყველა მათგანის ქირურგიულ წარმატებებთან ერთად მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაც წარმოჩინებულყო . ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის .ამ პრინციპით ვმუშაობთ უკვე თხუთმეტი წელიწადი. ასე გააგრძელეთ ბიჭებო, წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბები გველოდება.
ახლა კი ჩემი მეოთხე მუშკეტერი, ალბათ... არამისი.

ჩანახატი მეოთხე

კახა ლაცუზბაია  – 323 კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩაფიძის გულის ცენტრში.

მეგრულ - აფხაზური წარმომავლობის....., კარგად დააკვირდით სურათს?..... თვალჟუჟუნა (ჩემგან ეს შეფასება მისაღებია <3) ქირურგი. თავისუფლად ფლობს რუსულ, ინგლისურ, იტალიურ და მეგრულ ენებს.  


ექვსი წელი გაატარა იტალიის ქალაქ მასას კარდიოქირურგიულ კლინიკაში (მადლობა უანგარო დახმარებისათვის მშვენიერ ქალბატონს, ჩემი ბავშვობის მეგობარს ნინო ოკრიბელაშვილს <3), საიდანაც დაბრუნდა ხელდამშვენებული ახალი მეთოდიკით გულის ქირურგიაში - მიტრალური სარქვლის პლასტიკა მინიინვაზიური ( მცირე განაკვეთიანი) მიდგომით. მისი ბრალეულობაა იმაში, რომ ჩვენი განყოფილება პიონერია (დიდად ეს სიტყვა არ მომწონს, მაგრამ სხვა ვერ მოვიფიქრე, თანაც ბავშვობა გამახსენა) ამ ოპერაციების დანერგვაში, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.
 
 
აზროვნებს სხარტად ( სისხლი თავისას შვება), კარგი საბაზისო სამედიცინო ცოდნით, საოპერაციოში რისკიანი, დაჯერებული იმაში რასაც აკეთებს, კრიტიკულ სიტუაციაში თავისი ცოდნისა და ევროპული გამოცდილებიდან გამომდინარე სწრაფად იღებს სწორ და საჭირო გადაწყვეტილებებს (რასაც შევსწრებივარ თავად და არა მარტო მე), ყველა სხვისგან განსხვავებით გამორჩეულად ემოციური, როგორც ყველა წარმატებისას, ასევე იმ მცირე და იშვიათი წარუმატებლობის დროს, რომელიც სამწუხაროდ თან სდევს ჩვენ პროფესიას. დიდი გულის (არა ანატომიურად) მქონე, სუპერკომუნიკაბელური, ულამაზესი მეუღლითა და სამი ჯიშიანი ვაჟკაცით (ეს ზოგადად ლაცუზბაიების საფირმო ციფრია) დამშვენებული.
კახა, შენ ჩვენს შორის ყველაზე მაგარი პატრიოტი ხარ, რომელმაც ექვს უწყვეტ წლიან (რაღაც ძალიან არაქართულად გამომივიდა) ევროპულ ცდუნებას გაუძელი და მაინც დაბრუნდი საქართველოში. ჩვენი გუნდი უშენოდ ასეთი სრულყოფილი ვერ იქნებოდა.
P.S. ერთი სიამოვნებაა მისი სმენა და ყურება, როდესაც იტალიურად საუბრობს (ამ დროს ვიზუალითაც ტიპური იტალიელია).


                                                                                                                                                           ***
  
ჩემი კარდიოქირურგები და ….მე (შუაში).
ოქროს ბიჭებო !
ჩემო ზვიად <3 <3 , ამირან <3 , კახა <3 , ლაშა <3 , კახა <3 - გულმართალნო, წესიერნო, განათლებულნო, სიყვარულის, მეგობრობის და მადლიერების დიდი გრძნობით დაჯილდოებულნო, საქართველოს კარდიოქირურგიის საყრდენნო, ჩვენი ქვეყნის მედიცინის დიდო წარმატებავ და სათანადოდ ჯერ კიდევ შეუფასებელნო, ჩემი პატარა, მაგრამ მშვენიერი სამშობლოს ნამდვილო პატრიოტებო, მის ბუნებასა და ხალხზე უზომოდ შეყვარებულებო, კარგო შვილებო, მამებო, მეუღლეებო, მეგობრებო, ნათესავებო, მეზობლებო და მაღალი კლასის პროფესიონალებო, მიყვარხართ, ვამაყობ, მეიმედებით და მწყალობს იღბალი , რომ თქვენთან ერთად ვარ ( არ მბეზრდება და არც არასოდეს მომბეზრდება ) სახლშიც <3 <3 და სამსახურშიც <3 .
და ყველა დასასრული ხომ რაღაცის დასაწყისია , ამიტომ ეს ეპილოგიც იმ ახალი, დიდი საქმეების დასაწყისი იქნება, რომელიც თქვენი გასაკეთებელია ისეთ რთულ და საპასუხისმგებლო დარგში, როგორიც კარდიოქირურგიაა.
მე კი, ........ "ბროწეულივით გახლეჩილ ზეცას მე ხელებს ვუწვდი,
რომ მარცვალ - მარცვალ შენ (თქვენ) გიწილადო(თ) ყველა ვარსკვლავი“.





                                                             

                                                                        თქვენი ანესთეზიოლოგი ლია ჯანელიძე.
                                                                        21 ნოემბერი, 2016 წელი.
                                                                        P.S. დღეს ჩემი ქორწინების დღეა. მიყვარს ეს დღე.