რევაზ ჯორბენაძე:  ჩვენ ვართ ევროპაში მე-10 კლინიკა, სადაც

რევაზ ჯორბენაძე: ჩვენ ვართ ევროპაში მე-10 კლინიკა, სადაც "ოზაკის ოპერაცია" კეთდება

 გთავაზობთ გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს კლინიკის აღმასრულებელ დირექტორთან, ბატონ რევაზ ჯორბენაძესთან.

      გულიკო ჩაფიძის სახელობის კლინიკა არა მარტო საქართველოში, არამედ ყოფილ საბჭოთა სივრცეში და მთელ ევროპაშიც ცნობილი დაწესებულებაა, სადაც პაციენტები ექიმებს საკუთარ გულს ანდობენ. კლინიკაში ევროპული სტანდარტების მომსახურებაა. თუმცა, ტარიფები იქაურთან შედარებით გაცილებით დაბალია. ვესაუბრებით კლინიკის აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ რევაზ ჯორბენაძეს:
      – გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი გულიკო ჩაფიძის თაოსნობით 1994 წელს დაარსდა და კარდიოლოგიაში თავიდანვე ლიდერის პოზიცია დაიკავა. წლების განმავლობაში მედიცინის ყველა მიღწევა და უახლესი ტექნოლოგია სწორედ ამ კლინიკაში იდგამდა ფეხს. გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში აქ დაინერგა ინტერვენციული კარდიოლოგია, ხოლო 2001 წლიდან გაიხსნა მთელ ამიერკავკასიაში პირველი კარდიოქირურგიული განყოფილება, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.

       – კლინიკის ხელმძღვანელის პოსტზე ქალბატონი გულიკო როდის შეცვალეთ?

      – ქალბატონი გულიკო, როგორც პრაქტიკოსი ექიმი, დღესაც განაგრძობს მუშაობას და თავის უზარმაზარ გამოცდილებას მომავალ თაობებს გადასცემს. პაციენტები თავგამოდებით ცდილობენ შემოვლის დროს მას შეხვდნენ და კონსულტაციაც ამ კორიფესგან მიიღონ. 2011 წელს, კლინიკის პრივატიზაციის შემდეგ, აღმასრულებელ დირექტორად დავინიშნე. გამოვნახეთ რესურსები, რომ აპარატურა გაგვეახლებინა, პრაქტიკულად ახალი კლინიკა ჩამოგვეყალიბებინა, თანაც იმგვარად, რომ გარდაქმნის პროცესში მუშაობაც არ შეგვიწყვეტია. აქ ექიმის საპატიო ვალს იხდიან ღვაწლმოსილი პროფესიონალები, რომლებიც თანამედროვე ჰაიდლაინებით ხელმძღვანელობენ. ძალა არ დაგვიშურებია, რომ მათ საერთაშორისო ღონისძიებებში მიეღოთ მონაწილეობა და დასავლეთ ევროპის კლინიკებში გაცნობოდნენ მკურნალობის უახლეს მეთოდებს. ამან შთამბეჭდავი შედეგები მოგვიტანა: გულიკო ჩაფიძის კლინიკა ტოლს არ უდებს თანამედროვე გერმანულ თუ ფრანგულ კლინიკებს!

      – მომსახურების ხარისხი, ალბათ, მაღალ ფასებსაც განაპირობებს.

      – რატომღაც ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენთან მკურნალობა ძვირი ღირს; მაგრამ დამერწმუნეთ, ასე არ არის. ფასები ხელმისაწვდომია ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის, თუმცა ამაში მნიშვნელოვნად გვიწყობს ხელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ღატაკი ადმაიანისთვისაც კი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარების საშუალებას იძლევა! გადაუდებელ შემთხვევაში პაციენტს არაფერი მოეთხოვება, მთელ ხარჯს სახელმწიფო იღებს თავის თავზე. თუ საჭირო გახდა, ვთქვათ, სტენტირების ოპერაცია, სახელმწიფო პენსიამდელი ასაკის მოქალაქეს 70%-ით აფინანსებს, პენსიონერებს –90%-ით. ხოლო სოციალურად დაუცველებს ნიბისმიერი სახის მომსახურება 100%-ით უნაზღაურდებათ, როგორი ძვირფასი და მაღალტექნოლოგიურიც უნდა იყოს იგი. ჩვენ ორიენტირებულები ვართ არა ბიზნესზე, არამედ ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ განურჩევლად ყველა ადამიანს მაქსიმალური დახმარება გავუწიოთ!

      – რა პროფილის პაციენტებს მკურნალობენ თქვენთან?

      – ჩვენთან სამკურნალოდ სპეციალურად ჩამოდიან სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან, ყაზახეთიდან და ირანიდან. გვყოლია ერაყელი პაციენტებიც. რაც შეეხება გადაუდებელ შემთხვევებს, აქ მოჰყავთ სტენოკარდიით, ინფარქტით, გულის უკმარისობით, თუმცა ჩვენთან შესაძლებელია ინტერვენციული მედიცინის, კარდიოქირურგიის, ანგიოქირურგიის (სისხლძარღვთა ქირურგია, რომლის განვითარებაც ინტენსიურად ბოლო 3-4 წლის განმავლობაში მოხდა) უახლესი მეთოდებით სარგებლობაც. გვაქვს შინაგანი მედიცინის, ანუ თერაპიის განყოფილება, ასევე, საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთი – პულმონიგიური განყოფილება, სადაც კვალიფიციურად მკურნალობენ ფილტვის დაავადებებს. ყველა განყოფილებას შესაბამისი დარგის უმაღლესი დონის სპეციალისტი ხელმძღვანელობს. კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი ინტერვენციულ მედიცინას განაგებს; კარდიოქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ბახუტაშვილი ჩვენთან კარდიოქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს; ანგიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ზაზა ლაზარაშვილი – ანგიოქირურგიის, ხოლო პულმონოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე პულმონოგიის განყოფილებებს უდგანან სათავეში. ამ მართლაც კორიფეებს ზურგს უმაგრებენ ახალგაზრდა ექიმები, რომლებიც დღითი დღე იზრდებიან და უფროს თაობას ტოლს არ უდებენ.

       – რა სირთულის ქირურგიულ ოპერაციებს ატარებთ?

       – ჩვენთან კეთდება შუნტირება, საქრვლების ოპერაცია, სტენტირება... განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნო, რომ სტენტოგრაფტით ვმკურნალობთ მუცლის აორტის ანევრიზმას, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტს ღია ოპერაცია აღარ სჭირდება. უკვე ჩავატარეთ რამდენიმე ოპერაცია და 100-პროცენტიანი შედეგები მივიღეთ – ყველა პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმშია ჩარტული. ევროპაში ჩვენ ვართ რიგით მე-10 კლინიკა, სადაც კეთდება "ოზაკის ოპერაცია", როცა გულის სარქვლის შეცვლა ხდება არა ხელოვნური ან ცხოველიდან აღებული სარქვლით< არამედ თავად პაციენტის პერიკარდიუმიდან აღებული მასალით. უკვე ხუთი ოპერაცია ჩავატარეთ და ხუთივე პაციენტი თავს შესანიშნავად გრძნობს, ის დისკომფორტიც კი არ აქვთ, რაც ხელოვნური სარქვლის ჩადგმას მოჰყვება ხოლმე! ამჟამად გერმანიაში გვყვავს მივლინებული ჩვენი ახალგაზრდა ქირურგი, რომელიც გულის გადანერგვის ალტერნატიულ პროცედურას სწავლობს. რა თქმა უნდა, ეს მეთოდი მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს გულის გადანერგვის აუცილებლობებს, თუმცა გულის მძიმე უკმარისობით დაავადებულთათვის მნიშვნელოვანი შეღავათი და ხსნა იქნება. ლაპარაკია სპეციალურ მოწყობილობაზე. რომელიც პარკუჭში ჩანერგვის შემთხვევაში გულს კუმშვადობის აღდგენაში დაეხმარება. ეს ჩვენი "ნოუ ჰაუა". მექანიზმს აქვს საკუთარი კვების წყარო, რომელსაც 8-10 წლის განმავლობაში არ დასჭირდება შეცვლა. ეს თანამედროვე სასწაულებია, რომლებიც გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ხდება!  
  
       – გულის გადანერგვის ოპერაცია ჯერ არ ჩაგიტარებიათ?

       – არ ჩაგვიტარებია, არა იმიტომ რომ ეს შეუძლებელია - ჩვენ ხომ გაცილებით რთულ, აღმავალი აორტის ანევრიზმის ოპერაციას წელიწადში დაახლოებით 30-ჯერ ვაკეთებთ, წარმატებით. საქმე ის არის, რომ გულის გადანერგვის შემდეგ პაციენტის პოსტოპერაციულ პერიოდში მოვლის პრაქტიკა არ არსებობს.

        გულის კლინიკებში სათანადო დონის მომსახურების მიუხედავად, სიკვდილიანობა მაღალია... თქვენთან როგორია სტატისტიკა?!

       – საბედნიეროდ, ჩვენთან არ ყოფილა შემთხვევა, პაციენტის ახლობელს ეჩივლოს. ყოვლისშემძლეები არ ვართ და, იმის მიუხედავად, რომ თითოეულ პაციენტს მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, ბუნებისა და ღმერთის ნებას წინ ვერ აღვუდგებით. აქ უკვე გადამწყვეტ სიტყვას ამბობს სტატისტიკა: წამყვან ევროპულ კლინიკებში მიიჩნევენ, რომ კარგი შედეგია, თუ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 8-10 პროცენტზე ნაკლებია, ჩვენთან ეს მაჩვენებელი არის სამი პროცენტი და გარწმუნებთ, რომ ეს მინიმალურია!

       – საუბრის დასაწყისში მითხარით, რომ თქვენს კლინიკას ახლახან მაღალი დონის ევროპული სერტიფიკატი მიენიჭა, რა წარმატებას მიაღწიეთ?

       – ერთი წლის განმავლობაში ჩვენს კლინიკას ინტენსიურად ამოწმებდნენ გერმანული კომპანია "KTQ"-ს წარმომადგნელები, რომლებიც ევროპის მასშტაბით კლინიკების სერტიფიცირებას ახდენენ. მათ გამოიტანეს დასკვნა, რომ ჩვენი კლინიკა მთლიანად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და არა მარტო პოსტსაბჭოთა რეგიონში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენ ვართ პირველები, ვინც ამ კომპანიის სერტიფიკატი მიიღო! თვით გერმანიაშიც კი მრავალი წამყვანი კლინიკა იღწვის ამ სერტიფიკატის მისაღებად, მაგრამ იგი არცთუ ადვილად მოსაპოვებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ საავადმყოფოს ყველა რგოლი, დაწყებული ტექნიკური მომსახურებით, კვების მომსახურებით და დასრულებული აღჭურვილობით, პერსონალის კვალიფიციურობითა და მკურნალობის ხარისხით – ამ სერტიფიკატის მაღალ დონეს და სტანდარტს შეესაბამება!
       მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ეს აღიარება და ის, რომ მათ სამშობლოშივე შეუძლიათ, შეუდარებლად დაბალ ფასად მიიღონ ის კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, რასაც ბერლინის თუ მიუნხენის წამყვან კლინიკებში შესთავაზებდნენ!

                                                                                                                                         ესაუბრა ზაზა დავითაია
     
 

დაგვიმეგობრდით

trance