გულმკერდის არეში უეცრად დაწყებული ძლიერი ტკივილი არის პირველი შეგრძნება, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ

გულმკერდის არეში უეცრად დაწყებული ძლიერი ტკივილი არის პირველი შეგრძნება, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ

გთავაზობთ გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს (პირველ ნაწილს), აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ მიხეილ წვერავასთან.

კარდიოლოგს ინტეგრალური ცოდნა სჭირდება, ვინაიდან ხშირად ხვდება პაციენტებს, რომლებსაც რამდენიმე ტიპის ავადმყოფობა სჭირთ და ერთი დაავადება მეორეთი არის შენიღბული. ამ ფაქტობრივმა მდგომარეობამ განაპირობა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში შინაგანი სნეულებებისა და პულმონოგიის განყოფილებების არსებობა. შინაგანი სნეულებების განყოფილების მთავარ ამოცანას წარმოადგენს გულის უკმარისობის მდგომარეობის მართვა, ხოლო პულმონოგიის განყოფილება გულის სნეულებათა თანხმლებ ფილტვის დაავადებებს ებრძვის.

მიხეილ წვერავა. პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჩაფიძის ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

 – რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, გულის უკმარისობის შემთხვევების მატება გამოიწვია კარდიოლოგიური და სხვა დაავადებების წარმატებით მკურნალობამ. ადამიანები, რომლებიც ამ დაავადებების შედეგად უნდა დაღუპულიყვნენ, აღწევენ იმ ასაკამდე, როდესაც გულის კუნთი ცვდება და თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. გულის კუნთს აზიანებს ქიმიოთერაპიაც, რასაც ონკოავადმყოფები იტარებენ, ეს კი შემდგომში გულის უკმარისობაში ვლინდება.

 – რა არის გულის უკმარისობა?

 – ეს არის მდგომარეობა, როცა კუნთი ვეღარ ასრულებს სისხლის გადატუმბვის ფუნქციას ამა თუ იმ ორგანოსათვის ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მისაწოდებლად. გულის კუნთის დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს ინფარქტის შედეგად ჩამოყალიბებული ნაწიბურით, აგრეთვე მაღალი წნევით, რომელიც ხანგრძლივად აღენიშნება პაციენტს და გულის კუნთის გადაძაბვას იწვევს. მკურნალობა, პირველ რიგში, გულისხმობს პროფილაქტიკას, რაც რისკ-დაავადებების მართვაში მდგომარეობს. აუცილებელია, პაციენტმა დაიცვას ცხოვრების გარკვეული წესი და დიეტა, რაც, პირველ რიგში მარილის შეზღუდვას გულისხმობს. მარილი, კონკრეტულად, ნატრიუმი – ხელს უწყობს სითხის დაგროვებას, არადა, მარილიან საკვებს ადამიანები ბავშვობიდან ეჩვევიან და ამ ჩვევასთან შელევა უჭირთ. დიდი მნიშვნელობა აქვს ჭარბ წონასთან ბრძოლასაც.

 – წონის დაგდება ისედაც დილემაა და ავადმყოფებს მით უფრო გაუჭირდებათ... მათ რაიმე სპეციფიკურ საშუალებას სთავაზობთ?

 – წონის სწორად დაკლება გულისხმობს საკვების კალორაჟის შემცირებას, რაც, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ნახშირწყლების, ანუ შაქრისა და ცხიმების შემცირების ხარჯზე! პარალელურად, უნდა გაიზარდოს ადამიანის ფიზიკური აქტივობა! ბევრს ჰგონია, რომ წონის სწრაფად დაკლება – გამოსავალია, არადა, ყველაზე უკეთესი ვარიანტია თვეში 1-1,5 კგ-ს დაკლება და ერთი წლის განმავლობაში სტაბილურ წონამდე დასვლა. სწრაფი დაკლების შემთხვევაში ხშირად ადგილი აქვს უკუეფექტს – მოშიებული უჯრედები, როგორც კი საკვების მიღებას განაახლებენ, გაორმაგებულად იწყებენ ენერგეტიკული ნივთიერებების დაგროვებას, რადგან ინსტიქტურად მომავალი შიმშილობისთვის ემზადებიან.
   პროფილაქტიკის გარდა, არსებობს ეფექტური მედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდი 3 ჯგუფის პრეპარატებზე დაყრდნობით, თუმცა, ექიმის დანიშნულების გარეშე მათი თვითნებურად მიღება დაუშვებელია. უკმარისობას თან ახლავს შეშუპებები, ამიტომ შარდმდენი საშუალებები მნიშვნელოვან შვებას აძლევს ავადმყოფს.

                                         აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი

 – გულის უკმარისობისგან პაციენტის განკურნება რაში მდგომარეობს?

 – როცა გულის მწვავე უკმარისობა რაიმე სახის ანთებითი დაავადებების, ვთქვათ, მწვავე მიოკარდიტის პარალელურად ვითარდება, მისგან შესაძლებელია, სრულად განიკურნო. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში საქმე გვაქვს ქრონიკული დაავადებებით გამოწვეულ გულის უკმარისობასთან, რომელთა მართვა შეიძლება, მაგრამ განკურნება ვერ ხერხდება.

 – რა შემთხვევაში უნდა მომართონ ადამიანებმა თვენს განყოფილებას?

 – პირველი მნიშვნელოვანი შეგრძნება, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ, არის უეცრად დაწყებული ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შესაძლოა, ნევროზული წარმოშობისა იყოს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, გაცილებით საგანგაშო საფუძველი ჰქონდეს. ამიტომ პაციენტმა არ უნდა წაუყრუოს და დაუყოვნებლივ ექიმს მიმართოს. უკმარისობის მეორე მახასიათებელი ნიშანია ქოშინი (ჰაერის უკმარისობა). თუ ჩივილი მწვავეა, უმალ გამოიძახეთ სასწრაფო.

 – კლინიკაში შემოსულ პაციენტს რამდენ ხანს ტოვებთ?

 – სახელმწიფოს საშუალოდ 5 დღე აქვს განსაზღვრული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მძიმე შემთხვევებში 5 დღის შემდეგ კლინიკიდან გავწერთ. უბრალოდ, ამ დროში ხერხდება პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაცია და შემდეგ ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაყვანა. გააჩნია, გულის კუნთის როგორი ხარისხის დაზიანებაა. ერთ შემთხვევაში, შესაძლოა, სტაბილიზაცია გულისხმობდეს თავისუფალი მოძრაობის საშუალებას, სხვა შემთხვევაში – მხოლოდ ოთახში გადაადგილებას და თვითმომსახურების უნარის აღდგენას. გულის უკმარისობასთან დაკავშირებით მკურნალობის ხარჯების უდიდეს ნაწილს სახელმწიფო და საყოველთაო დაზღვევა ფარავს, პენსიონერებისათვის დამატებითი შეღავათებია დაწესებული. ასე რომ, პაციენტს ისღა დარჩენია, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას მეტი დრო დაუთმოს და მკურნალობა არ გადადოს!



                                                                                                                                   
                                                                                                                                   ესაუბრა ზაზა დავითაია


დაგვიმეგობრდით

trance