ინფარქტის განვითარების შემთხვევაში თითოეული წუთი ძვირფასია

ინფარქტის განვითარების შემთხვევაში თითოეული წუთი ძვირფასია

გთავაზობთ გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს (მეორე ნაწილს) აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან - სოფიო უნგიაძესთან

მსოფლიოში გულით სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მაღალი რისკის ქვეყნად ითვლება, რაც ავადმყოფობის პირველადი ნიშნების უგულებელყოფით არის განპირობებული. რა უნდა იღონოს ადამიანმა, როცა მკერდის არეში გამჭოლი ტკივილი ეწყება? ჩაფიძის გულის ცენტრში ყოველდღიურად, 20-30 სასწრაფო შემოდის. პაციენტები გადაუდებელი დახმარების გაწევის შემდეგ კარდიოლოგიის განყოფილებაში აგრძელებენ რეაბილიტაციას. ვესაუბრებით ახალგაზრდა ექიმს, სოფიო უნგიაძეს.

სოფიო უნგიაძე. ჩაფიძის კლინიკის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: – საქართველოში ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა სტენოკარდიები და ინფარქტები. სტენოკარდია არის გულის კუნთის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროება, რის გამოც გულის შესაბამის უბანს, რომელსაც ეს სისხლძარღვი კვებავს, აღარ მიეწოდება საკმარისი ოდენობის ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები. ამის შედეგად ჯერ იშემია ყალიბდება და თუ შეტევის მოხსნა ვერ მოხერხდა, შეიძლება, ინფარქტშიც გადაიზარდოს, რასაც მოსდევს გულის კუნთის უბნის კვდომა, მის ადგილზე კი შემაერთებელქსოვილოვანი ნაწიბურის ჩამოყალიბება.
  როგორც წესი, სტენოკარდია ვითარდება ფიზიკური დატვირთვის ფონზე და ახასიათებს მოჭერითი ხასიათის ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ამ ტკივილის მარცხენა მხარში და ხელში გადაცემით. სუსტი ხასიათის პირველადმა შეტევამ შესაძლოა, მოსვენების კვალდაკვალ თავისით გადაიაროს, არადა, თუ ადამიანი გუშინ თავისუფლად ადიოდა მეოთხე სართულზე და დღეს ტკივილმა მეორე სართულზე შესვენება აიძულა, მან ყველა საქმე უნდა გადადოს და კარდიოლოგთან მივიდეს!

  – როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი თუ სტენოკარდიული შეტევა შესვენების შედეგად არ მოეხსნა?

  – აუცილებლად უნდა გამოიძახოს სასწრაფო, მანამდე კი გაიზომოს წნევა და თუ იგი 120-ზე მაღალია, პაციენტმა ენის ქვეშ უნდა დაიდოს 1-2 ტაბლეტი ნიტროგლიცერინი, ოღონდ ეს აუცილებლად მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობაში გააკეთოს, რადგან ამ დროს არტერიული წნევა მკვეთრად ეცემა, რასაც შესაძლოა, გონების დაბინდვა და ადამიანის წაქცევაც მოყვეს. გასათვალისწინებელია, რომ ნიტროგლიცერინის მოხმარებიდან 1-2 წუთში სტენოკარდიული შეტევა უნდა მოიხსნას. 5 წუთის შემდეგ ეს პრეპარატი აღარ მოქმედებს, ამიტომ ნურავინ ჩათვლის, რომ თუ შეტევა 20 წუთის შემდეგ მოეხსნა, ეს ნიტროგლიცერინის ეფექტმა განაპირობა.

  – რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ინფარქტი და სტენოკარდია?

  – ინფარქტსაც იგივე სიმპტომები აქვს, რაც სტენოკარდიას, თუმცა, თუ გულის კუნთის მკვებავი სისხლძარღვი სტენოკარდიის დროს ვიწროვდება, ინფარქტის დროს მთლიანად იკეტება და სისხლის მიწოდება წყდება. თუ ტკივილი 5 წუთში არ მოიხსნა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფარქტთან გვაქვს საქმე. ამ დროს უკვე ნიტროგლიცერინი უძლურია და თითოეული წუთი ძვირფასია. სასწრაფოს ექიმი კლინიკაში მყოფ დისპეტჩერს უკავშირდება და ჩვენ ზუსტად ვიცით, რა დარღვევებით მოდის პაციენტი, რომელსაც მზადყოფნაში ვხვდებით.
  რაც მეტი დროა გასული ინფარქტის დაწყებიდან, ანუ ტკივილის აღმოცენებიდან – მით უფრო დიდი ზომის ინფარქტი ყალიბდება. ინფარქტის დროს მკურნალობა კორონოგრაფიით და სტენტირებით ხდება. დაუშვებელია, როცა სტენოკარდიული ხასიათის ტკივილებს ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ითმენენ. თუ ტკივილის შეგრძნება განმეორდა და დროში გაიწელა, ექიმთან მიუსვლელობა საკუთარი სიცოცხლის წინაშე გამოუსწორებელი დანაშაულია!
  ინფარქტის შედეგად, გულის კუნთის რაც უფრო მცირე უბანია დაზიანებული, მით უფრო მაღალია გამოჯანმრთელების ხარისხი. განსაკუთრებული პრობლემები რეგიონებში მცხოვრებ პაციენტებს აქვთ, რადგან ვიდრე კლინიკამდე მიაღწევენ, ნაწიბური უკვე ჩამოყალიბებულია და მკურნალობას ის ეფექტი აღარ მოსდევს ხოლმე, რაც თავიდან – რამდენიმე საათში!


ესაუბრა ზაზა დავითაია


   

დაგვიმეგობრდით

trance