ცვლილებები და რეკომენდაციები სეზონურ გრიპთან დაკავშირებით

ცვლილებები და რეკომენდაციები სეზონურ გრიპთან დაკავშირებით

"ამ სეზონის გაზრდილი ავადობის სურათი უკვე გამოკვეთილია. ჩვენ გვაქვს დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გვქონდა" - ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, გრიპისმაგვარი ვირუსით ავადობის გაზრდილი სურათი უკვე სახეზეა. "ეს არ არის ეპიდემია. მას თავის მახასიათებელი აქვს 500-ზე მეტი დაავადებული 100.000 მოსახლეზე, საბედნიეროდ, ამ დროის მდგომარეობით, ავადობის რიცხვი არის 100.000 მოსახლეზე - 254" - აღნიშნა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრმა ვირუსული ინფექციების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გაზრდილი მიმართვიანობის შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, სასწრაფოს მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებისთვის, ალტერნატიული სადისპეტჩერო ამოქმედდება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მიმართვიანობა. რეაგირების გარეშე რჩება დიდი რაოდენობით გამოძახებები, რომელთა უმრავლესობა გრიპის სიმპტომების გამო იყო. ამდენად სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გაააქტიუროს იგივე პროტოკოლი, რითაც უწყება სამი კვირის განმავლობაში, მიმდინარე წლის იანვარში მუშაობდა. დღესვე შეიქმნება ახალი სადისპეტჩერო, სადაც ასეთი ჩივილების მქონე პაციენტების ზარები გადამისამართდება და ამ დაავადებების მართვას უკვე ოჯახის ექიმები განახორციელებენ. დამატებით საოჯახო მედიცინის ცენტრები გაიხსნება, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღეს იმუშავებენ და ეს იქნება ქმედითი ზომები, რათა გაზრდილი ავადობის სურათი მნიშვნელოვნად შემცირდეს. დავით სერგეენკომ მოსახლეობას ვირუსული ინფექციების გავრცელებისგან თავის დასაცავად ხელების ჰიგიენის, პრევენციული ღონისძიებების გატარებისა და ექიმთან დროული მიმართვის შესახებ რეკომენდაცია მისცა. ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და მოსახლეობას გრიპისმაგვარი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სასწრაფოს ნაცვლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში მიმართვის რეკომენდაცია მისცა.

გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში პაციენტთან დაიშვება მხოლოდ ერთი მნახველი დღეში, 16:00-იდან 18:00 საათამდე.

დაგვიმეგობრდით

trance