გულის უკმარისობის შესახებ

გულის უკმარისობის შესახებ

ვესაუბრებით აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპარტმენტის ექიმს, თინათინ ოდიშარიას.



ქ-ნო თიკო, რა არის გულის უკმარისობა?

ეს არის სინდრომი, რომლითაც შესაძლოა დასრულდეს მრავალი კარდიოლოგიური პათოლოგია. მიუხედავად მრავალი მიზეზისა, გულის უკმარისობის დროს ორგანიზმში ერთნაირი ცვლილებები ვითარდება - ქვეითდება გულის შეკუმშვის უნარი, მცირდება ორგანიზმისთვის სისხლის მიწოდება, სისხლი ორგანოებსა და ქსოვილებში გუბდება.

მიმდინარეობისა და კლინიკური გამოვლინების მიხედვით, განასხვავებენ გულის მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას. ქრონიკული  უკმარისობა ნელა, პროგრესულად მიმდინარეობს, სიმპტომები თანდათან ხდება შესამჩნევი, მწვავე უკმარისობის სურათი კი უეცრად, ძალიან სწრაფად ვითარდება. ხშირად ის ქრონიკული უკმარისობის ფონზეც აღმოცენდება. იმის მიხედვით, გულის რომელი ნაწილია დაზიანებული უფრო მეტად, განასხვავებენ მარცხენა და მარჯვენაპარკუჭოვან უკმარისობას. მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობისას მთავარი კლინიკური ნიშანია ქოშინი, ხოლო მარჯვენაპარკუჭოვანისას – ქვემო კიდურების შეშუპება.


როგორ ვლინდება გულის უკმარისობა ?  

როგორც ვთქვით, უკმარისობის დროს გულის შეკუმშვის უნარი ქვეითდება, ის აორტაში უფრო ნაკლებ სისხლს გადაისვრის, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანის გული. შედეგად მის ღრუებში წნევა იმატებს, სისხლი, რომლის გადატყორცნაც გულმა ვერ უზრუნველყო, გროვდება ვენებში, რომლებიც ამ სიტუაციაში ერთგვარი დეპოს ფუნქციას ასრულებენ. ორგანიზმში მომხდარი ცვლილებები სათანადო კლინიკური ნიშნებით ვლინდება. ეს ნიშნებია:
  • ქოშინი;

  • საერთო სისუსტე და ადვილად დაღლა;

  • გულის ფრიალი, გულის აჩქარების შეგრძნება;

  • ქვედა კიდურების შეშუპება;

  • მშრალი ხველა;

შარდის ოდენობის შემცირება, ღამით შარდვის გახშირება.

უნდა ითქვას, რომ გულის უკმარისობისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი, მათ შორის - ისეთი კლასიკური ნიშნებიც კი, როგორებიც არის ადვილად დაღლა, გულის აჩქარება , ქვემო კიდურების შეშუპება და ფილტვებში სისხლის შეგუბებისთვის დამახასიათებელი ხიხინი, საკმაოდ ხშირია სხვა დაავადებების დროსაც. ამიტომ მხოლოდ კლინიკური გამოვლინების მიხედვით გულის უკმარისობის დიაგნოსტიკა გაძნელებულია.  ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმ კარდიოლოგს შეუძლია პაციენტის გასინჯვისა და კვლევის სპეციალური მეთოდების მეშვეობით, რომელთა შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი.


რა მიზეზით შეიძლება განვითარდეს  გულის უკმარისობა ? 

გულ-სისხლძარღვთა სისტემის  დაავადებათა  შორის  გ.უ- ის გამომწვევი უფრო ხშირი მიზეზი მაინც გულის იშემიური დაავადებაა - პათოლოგია, რომლის დროსაც გულის მკვებავი გვირგვინოვანი სისხლძარღვები ათეროსკლეროზის შედეგად ვიწროვდება და გულის კუნთს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება, გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია არტერიული ჰიპერტენზია ანუ ჰიპერტონიული დაავადება. განსაკუთრებით მაღალია გულის უკმარისობის განვითარების რისკი, როცა პაციენტს წნევა წლების განმავლობაში აქვს მომატებული, მაგრამ არ მკურნალობს და წნევის მაჩვენებელიც სტაბილურად მაღალია. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების შერწყმა. გულის უკმარისობა გულის მანკის გამოც ვითარდება. გულის მანკის დროს შეცვლილია გულის სარქვლების აგებულება, რაც არღვევს ამ ორგანოში სისხლის მიმოქცევას, იწვევს მისი კამერების ცვლილებას და საბოლოოდ გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციის მოშლას. მიოკარდიტი ანუ გულის კუნთის ანთება, კარდიომიოპათია, ზოგიერთი ჰორმონული დარღვევა (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება, შაქრიანი დიაბეტი) ასევე შეიძლება გულის უკმარისობის მიზეზი გახდეს. ხშირად პაციენტებში , რომელსაც აღნიშნული პათოლოგიები აქვს, გულის უკმარისობისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა მწვავდება   სასუნთქი გზების ინფექციის (ბრონქიტი ან ფილტვების ანთება) ფონზე , რაც ამ დროს გულის გადატვირთვასთან არის დაკავშირებული.

როგორ ვუმკურნალოთ გულის უკმარისობას ?

გულის უკამრისობის მკურნალობისას  ექიმები ცდილობენ, უპირველეს ყოვლისა იმ პათოლოგიას უმკურნალონ, რომელმაც მკვეთრად დააქვეითა გულის ფუნქცია. გულის უკმარისობის მედიკამენტური მკურნალობა გულისხმობს იმ პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც გააუმჯობესებს გულის შეკუმშვის უნარს, შეამცირებს მის დატვირთვას ორგანიზმში დაგროვილი სითხის გამოყოფისა და ვენური და არტერიული სისხლძარღვების გაფართოების ხარჯზე. წინათ გულის უკმარისობის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენებოდა საგულე გლიკოზიდები. დღეს მათ უფრო იშვიათად - მხოლოდ განსაზღვრული ჩვენებისა და დაავადების შორსწასულ შემთხვევებში - იყენებენ. ამავე დროს, ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ საგულე გლიკოზიდები ორგანიზმში გროვდება და შესაძლოა, მოწამვლას ანუ ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ამიტომ საგულე გლიკოზიდებით მკურნალობა მხოლოდ ექიმის დანიშნულებითა და მეთვალყურეობით არის დასაშვები. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გულის უკმარისობის გამო საგულე გლიკოზიდებით (მაგალითად დიგოქსინით) მკურნალობთ და უეცრად შეამჩნიეთ
  • უმადობა

  • გულისრევა

  • გულის მუშაობის შენელება, ზოგჯერ - აჩქარება, რიტმის დარღვევა.

ეს სიმპტომები შესაძლოა გლიკოზიდური ინტოქსიკაციით იყოს განპირობებული. გულის უკმარისობის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება შარდმდენები. ეს პრეპარატები ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას. მათი დანიშვნა აუცილებელია, როცა აღინიშნება სითხის შეკავების სიმპტომები – ქვემო კიდურების შეშუპება, სხეულის მასის მატება, მუცლის მკვეთრი ზრდა. ბოლო ხანს გულის უკმარისობის სამკურნალო მთავარ პრეპარატებად მიიჩნევა ანგიოტენზინგარდაქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები. ისინი გულის უკმარისობის დროს თითქმის ყველა პაციენტს ენიშნება. აგფ-ინჰიბიტორები ამცირებს სისხლძარღვთა პერიფერიულ წინააღმდეგობას, აუმჯობესებს გულის მუშაობას. პაციენტებისთვის კარგად ცნობილი აგფ-ინჰიბიტორებია კაპტოპრილი, ენალაპრილი, პერინდოპრილი, ლიზინოპრილი. ზოგიერთს უნიშნავენ ბეტა ბლოკერებს, რომლებიც აიშვიათებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, ამცირებს არტერიულ წნევას, აქვეითებს ჟანგბადზე გულის მოთხოვნილებას.

  

როგორი უნდა იყოს  ცხოვრების წესი გულის უკმარისობის დროს ?

პაციენტი, რომელსაც გულის უკმარისობა აქვს, შეძლებისდაგვარად უნდა ერიდოს ფსიქოემოციურ დაძაბვასა და სტრესულ სიტუაციებს. აუცილებელია სრულფასოვანი  ძილი. დაუშვებელია თამბაქოს წევა და ალკოჰოლის მიღება. 15-20 წლის წინათ მიიჩნეოდა, რომ გულის უკმარისობისას დაუშვებელია ფიზიკური დატვირთვა. ამჟამად ეს შეხედულება შეიცვალა. დადგენილია, რომ დოზირებული ფიზიკური დატვირთვა არათუ ზიანს არ აყენებს პაციენტს, არამედ ზრდის მის ამტანობას და მედიკამენტური მკურნალობის ეფექტს. გარდა ამისა, მცირე ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს განწყობას და ცხოვრების ხარისხს. ბუნებრივია, დატვირთვის ხასიათის საკითხი ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს დღე–ღამის განმავლობაში მიღებული სითხისა და სუფრის მარილის ოდენობა. ეს უკანასკნელი პაციენტის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობისას 5-6 გრამს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო დაავადების გამწვავებისას, როცა შეშუპება მკვეთრად არის გამოხატული, საკვები უმარილოდ უნდა მომზადდეს.

რა ელის დაავადებულს?

გულის უკმარისობა ადამიანის ორგანიზმისთვის მკაცრი გამოცდაა. სამწუხაროდ, ბევრი ქოშინს, ადვილად დაღლასა და გულისცემის შეგრძნებას უმნიშვნელო მოვლენებად მიიჩნევს. გულის ქრონიკული უკმარისობა თავდაპირველად ნელა, შეუმჩნევლად ვითარდება. თუ პაციენტი ხანში შესულია, ამ სიმპტომებს სიბერეს მიაწერს და სამკურნალო დაწესებულებას მაშინღა მიმართავს, როდესაც მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, ამ სტადიაზე კი გულის უკმარისობის მკურნალობა გაცილებით რთულია, ვიდრე ადრეულ ეტაპზე. როდესაც ავადმყოფი ექიმს დაავადების პირველი გამოვლინებისთანავე მიმართავს, მკურნალობაც დროულად იწყება, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს პროგნოზს. პროგნოზი ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურია. ის დამოკიდებულია გულის უკმარისობის გამომწვევი პათოლოგიის სიმძიმეზე, თანმხლებ დაავადებებზე, პაციენტის ასაკზე, მკურნალობის ეფექტურობაზე, პაციენტის ცხოვრების სტილსა და სხვა ფაქტორებზე. თუმცა ვერც იმას უარვყოფთ , რომ  თანამედროვე კარდიოლოგიის მიღწევების წყალობით შეიძლება გულის უკმარისობის მართვა და პაციენტისათვის არა მარტო სიცოცხლის გახანგრძლივება, არამედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

დაგვიმეგობრდით

trance