"ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სწორად მივიღეთ" ორი მეგობრის ისტორია ჩაფიძის გულის ცენტრში

დავით ლომაურმა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში შუნტირების ოპერაცია გაიკეთა. როგორც თავად ამბობს, ზვიად ბახუტაშვილმა ახალი სიცოცხლე აჩუქა და მას მერე თავს შესანიშნავად გრძნობს. ოპერაციიდან 10 თვის შემდეგ, კარდიოლოგიური პრობლემები მის მეგობარ ბონდო ტუაევსაც აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბონდო რუსეთის მოქალაქეა, დავითის შემხედვარეს გადაწყვეტილებაზე ბევრი არ უფიქრია, საქართველოში ჩამოვიდა და საკუთარი გული მხოლოდ ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს ანდო. დღეს ისინი ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

დავით ლომაური: 2017 წლის იანვარში შეუძლოდ გავხდი. აღმოჩნდა, რომ ტკივილებს გულის პრობლემები იწვევდა. როდესაც გავიგე, რომ შუნტირება მესაჭიროებოდა, შევშინდი. მაშინვე გადავწყვიტე ოპერაცია საზღვარგარეთ, თურქეთის ტერიტორიაზე გამეკეთებინა. ძებნის პროცესში თურქეთში მოღვაწე პროფესორ ესმეთ მიქელაძისგან ასეთი სიტყვები მოვისმინე "არ მესმის, აქ რატომ მოდიან პაციენტები, როდესაც ჩაფიძის გულის ცენტრი თბილისშია". ეს რეპლიკა საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სწორად მიმეღო. მოვედი ბატონ ზვიად ბახუტაშვილთან, რომელმაც 23 მარტს გამიკეთა ოპერაცია. მას შემდეგ, ახალი ცხოვრება დავიწყე. 

ბონდო ტუაევი: დავითს რომ ვუყურებდი, თვალებს არ ვუჯერებდი, ისე კარგად იყო და როგორც ხედავთ, ახლაც არის. რუსეთის მოქალაქე ვარ, მოსკოვში ან ასტრახანში სრულიად უფასოდ შემეძლო გამეკეთებინა ოპერაცია, თუმცა დათოს შემხედვარე ამას ვერ გავბედავდი, სხვას ვერავის ვანდობდი ჩემს გულს. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დამთავრდა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ზვიად ბახუტაშვილს და არა მარტო მას, ყველას, ვინც ჩემს მკურნალობაში მცირედი წვლილი შეიტანა. 

დავით ლომაური: ოპერაციის მერე ჩაფიძის გულის ცენტრის ხშირი სტუმარი ვარ, ოღონდ არა საკუთარი ჯანმრთელობის გამო, ხან ვის დავაწვენ, ხან ვის (იცინის). სერიოზულად გეუბნებით, ვისაც კარდიოლოგიური პრობლემები აქვს, ყველას ვურჩევ, აქ მოვიდეს. მე ბევრ სხვა კლინიკაში ვყოფილვარ, ბევრი კარგი ექიმიც მინახავს, რომელთა მიმართადაც მხოლოდ მადლობა მეთქმის, მაგრამ ასეთი გარანტია, რომ მთელი პერსონალი 100%-ით იზრუნებს პაციენტზე, სხვაგან არსად არის.

ზვიად ბახუტაშვილის გარდა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კარდიოლოგ მანანა შევარდნაძეს, ზვიადმა ხომ სიცოცხლე მაჩუქა, ქ-ნი მანანა მას საკუთარივით უვლის. საოცარია, ამდენი პაციენტის მიუხედავად არ ავიწყდება არავის დიაგნოზი, დანიშნულება... საახალწლოდ ცოტა ზედმეტი მომივიდა, მას მერე ერთი კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღე მეკონტაქტებოდა, ჩემი მდგომარეობა რომ ეკონტროლებინა. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რეაბილიტოლოგ შოთა ბზარაშვილს, არაჩვეულებრივ ახალგაზრდას. ყველას, მთელს პერსონალს დიდი მადლობა!

თბილისში რომ ასეთი გულის ცენტრი არსებობს, დიდი ბედნიერებაა და ეს ნამდვილად ვიცი. 

დაგვიმეგობრდით

trance