IV სამეცნიერო კონფერენცია „ჯანდაცვის პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციოლოგიის აქტუალური საკითხები“

IV სამეცნიერო კონფერენცია „ჯანდაცვის პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციოლოგიის აქტუალური საკითხები“

2 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა IV სამეცნიერო კონფერენცია "ჯანდაცვის პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციოლოგიის აქტუალური საკითხები“. კონფერენციაზე კვლევითი ნაშრომები წარმოადგინეს სხვადასხვა უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუტების პროფესორებმა, დოქტორებმა, დოქტორანტებმა, სტუდენტებმა.


კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო კვლევითი ნაშრომები გამოიცა სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში "ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“. წელს გამოვიდა ჟურნალის IV ნომერი.


ჟურნალი ”ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია” შეიქმნა 2015 წელს. ჟურნალის  მიზნებია:

  • ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის და ჯანდაცვის სოციოლოგიის მიმართულებებით სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, კვლევათა დონის ამაღლება და განვითარება, სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია;
  • ახალგაზრდა მკვლევრებისა და მეცნიერებისათვის ხელის შეწყობა მათი სამეცნიერო შესაძლებლობების გამოვლენაში, პერსონალური ციტირების ინდექსის მაჩვენებლის ამაღლება;
  • უახლესი სამეცნიერო ინფორმაციის პუბლიკაციისა და სამეცნიერო წრებრუნვაში ჩართვის დაჩქარება;
  • საინტერესო იდეებისა და კვლევითი საკითხების მიწოდება დაინტერესებული საზოგადოებისათვის;
  • სპეციალისტებისათვის შესაძლებლობის მიცემა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის და ჯანდაცვის სოციოლოგიის სფეროებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.


ჟურნალი ”ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია” განკუთვნილია ჯანდაცვისა და დაზღვევის პროფილის სპეციალისტებისათვის. მასში წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებები:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
  • ჯანდაცვის მენეჯმენტი;
  • ფარმაციის პოლიტიკა და მენეჯმენტი;
  • ჯანდაცვის სოციოლოგია
  • სადაზღვევო საქმე.

ჟურნალს გამოსცემს ჯანდაცვისა და დაზღვევის ცენტრი და  ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი.

ჟურნალის რედაქტორია მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი, თენგიზ ვერულავა

ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრები არიან შესაბამისი სამეცნიერო დარგების მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი მკვლევრები.


სარედაქციო კოლეგია გამოსაქვეყნებლად ღებულობს მხოლოდ იმ სამეცნიერო ნაშრომებს, რომლებშიც ავტორები საკითხის აქტუალურობას და სფეროს სიახლეებს ასახავენ. ყველა ნაშრომს განიხილავს სარედაქციო კოლეგია. ნაშრომები გადიან ბრმა, ორმაგ  რეფერირებას დარგის ექსპერტების მეშვეობით. ექსპერტები ამზადებენ შესაბამის რეცენზიას. შესაბამისად, თითოეულ პუბლიკაციას მხოლოდ დადებითი რეცენზიის შემთხვევაში ვღებულობთ.


წელს 200-მდე კვლევითი ნაშრომი გამოაგზავნეს ავტორებმა. რეფერირების შემდეგ ჟურნალისათვის შეირჩა მხოლოდ 15 სტატია. იმედი გვაქვს, რომ მათი რაოდენობა ახლო მომავალში გაიზრდება.


სარედაქციო კოლეგიამ გაითვალისწინა ზოგიერთი ნაშრომის სამეცნიერო ღირებულება და წელს პირველად გამოვეცით კონფერენციის შრომათა კრებული, სადაც გამოვაქვეყნეთ 27 კვლევითი ნაშრომი.


ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები ქართულ ენაზეა, რომელთაც ახლავთ ინგლისურენოვანი აბსტრაქტი.

ჟურნალს გააჩნია ISSN – საერთაშორისო სტანდარტის სერიული ნომერი. ჟურნალისთვის უკვე შექმნილია საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია და ახალი საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის კუთხით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ცხადია, ჟურნალს დავარეგისტრირებთ სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში და ვიმედოვნებთ, რომ, სერიოზული მუშაობის შედეგად, მივიღებთ ე.წ. impact factor-ს.


ჟურნალი გამოდის როგორც ელექტრონულად, ასევე ნაბეჭდი ვერსიის სახით. ჟურნალის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ყველასათვის და მისი მოხმარება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია.


დაინტერესებულ პირებს ჟურნალის წაკითხვა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://heconomic.wordpress.com/health-policy/

კონფერენციის შრომათა კრებულის წაკითხვა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://heconomic.wordpress.com/2018/01/24/3221/


ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის მენეჯმენტი, ჯანდაცვის სოციოლოგია, ჯანდაცვის ეკონომიკა და სადაზღვევო საქმე ქართული მეცნიერების შედარებით ახალი დარგებია. ამ მიმართულებების განვითარებას ჩვენსავით მცირერიცხოვანი ერებისათვის, წმინდა მეცნიერულთან ერთად დიდი ეროვნული მნიშვნელობაც აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია და ჟურნალი მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების შემდგომ განვითარებასა და სამეცნიერო დონის ამაღლებას.


 

დაგვიმეგობრდით

trance