თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლა ჩაფიძის გულის ცენტრში

თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლა ჩაფიძის გულის ცენტრში

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში რამდენიმე წელია აქტიურად ფუნქციონირებს კარდიული რეაბილიტაციის სამსახური, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით ჯერ კიდევ ერთადერთია ქვეყანაში. კარდიული რეაბილიტაციის სრულყოფილად წარმართვისთვის ფიზიკური თერაპიის პარალელურად აუცილებელი პირობაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორთა კონტროლი და მათი მოდიფიცირება, რომლის გარეშეც შეუძლებელია ათეროსკლეროზული პროცესის პროგრესირების შეჩერება. ერთ-ერთი ასეთი მოდიფიცირებადი რისკის ფაქტორია თამბაქოს მოხმარება. იგი კაცობრიობის სიკვდილობისა და ავადობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.  თანამედროვე სტატისტიკური მონაცემებით თამბაქო იწვევს მისი მომხმარებლების ნახევარზე მეტის სიკვდილს. თამბაქოს მოხმარებასთან ასოცირებული დაავადებებით დედამიწაზე ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი იღუპება.


თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლა უმნიშვნელოვანესი საკითხია მრავალი დაავადებისა და უპირველეს ყოვლისა, ათეროსკლეროზული კარდიო-ვასკულური დაავადების მკურნალობისთვის. აღნიშნული კატეგორიის პაციენტები კი ცენტრის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ა.წ. 16 მაისს რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნონა დოლიძის მიერ ჩატარდა პრეზენტაცია ცენტრის თანამშრომელთათვის ექიმთა უწყვეტი განათლების ფარგლებში თემაზე: "ახალი შესაძლებლობები თამბაქოს მოწევის თავის დასანებებლად“. ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ნიკოტინდამოკიდებულება არის არა ჩვევა, არამედ ქრონიკული დაავადება, სამწუხაროდ, რეციდივის  მაღალი რისკით. საუბარი იყო იმ ახალ შესაძლებლობებსა და ალგორითმებზე, რაც თანამედროვე მიდგომებით სურვილისა და მოტივაციის მქონე მწეველ ადამიანებში ქმნის მოწევის შეწყვეტის რეალობას. თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისათვის დღეს არსებული მედიკამენტური მკურნალობა ერთ-ერთი კომპონენტია მკურნალობის მთლიან კურსში, ვინაიდან მედიკამენტები ძირითადად ამსუბუქებენ აღკვეთის სიმპტომებს, ნიკოტინზე დამოკიდებულებას და ამგვარად აადვილებენ მოწევის შეწყვეტის პროცესს. ყურადღება გამახვილდა პირველი რიგის პრეპარატებზე, რომელთა  გამოყენება პაციენტებში ათეროსკლეროზული კარდიო-ვასკულური დაავადებებით პრევენციის თანამედროვე გაიდლაინის მიხედვით არის ნაჩვენები. პირველი რიგის სამკურნალო პრეპარატებს შორისაა ჩამპიქსი(ვარენიკლინი), რომელიც  უსაფრთხოებისა და სხვა პრეპარატებთან შედარებით მაღალი ეფექტურობის გამო ყველაზე მაღალი კლასისა და დონის რეკომენდაციით არის ნაჩვენები.

 

უახლოეს მომავალში ცენტრის რეაბილიტაციის დეპარტამენტში დაგეგმილია აქტიური ღონისძიებების ჩატარება მწეველი თანამშრომლებისა და პაციენტების ნიკოტინდამოკიდებულების სამკურნალოდ.

დაგვიმეგობრდით

trance