მორიგი კვლევა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში

მორიგი კვლევა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში "The Open Public Health Journal“ (ჟურნალი რეგისტრირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო ბაზაში) გამოქვეყნდა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მომზადებული ნაშრომი "Evaluation of Patient Satisfaction with Cardiology Services“ (ქართ. თარგმანი: პაციენტების კმაყოფილება კარდიოლოგიური სტაციონარული სერვისების ხარისხთან მიმართებით) 

ნაშრომის ავტორები არიან: თენგიზ ვერულავა (მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი), რევაზ ჯორბენაძე (მედიცინის აკადემიური დოქტორი), ლეილა კარიმი (დოქტორი, მელბურნის ტრობეს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორი), ბექა დანგაძე (მკვლევარი) და თემურ ბარკალაია (მკვლევარი). პრესტიჟულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში ნაშრომების გამოქვეყნება ხელს უწყობს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ცნობადობის ზრდას მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში. 

სტატიის ელექტრონული მისამართია: https://openpublichealthjournal.com/VOLUME/11/PAGE/201/FULLTEXT/ 

პაციენტების კმაყოფილების შესწავლა ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მსოფლიოში როგორც სამედიცინო მომსახურების, ასევე, საერთოდ ჯანდაცვის სისტემის შესაფასებლად. მისი მეშვეობით შესაძლებელია გაიზომოს პაციენტთა პრეფერენციებს, მოლოდინებს და მიღებულ სამედიცინო მომსახურებას შორის შესაბამისობა. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები პაციენტის კმაყოფილების შესახებ კვლევებს იყენებენ ჯანდაცვის კონკურენტულ ბაზარზე ხარისხის მუდმივად გასაუმჯობესებლად. იგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმის გამოსავლენად თუ რატომ ირჩევს პაციენტი მოცემულ სამედიცინო ორგანიზაციას სხვასთან შედარებით და როგორ აფასებს გაწეულ სერვისებს. პაციენტის კმაყოფილებაზე განხორცილებული კვლევების შედეგად არსებული ინფორმაცია ზრდის ჯანდაცვის სერვისებზე მათი გათვითცნობიერების დონეს. კვლევის შედეგები საშუალებას აძლევს პაციენტს ერთმანეთს შეადაროს კლინიკები, შეისწავლოს სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესახებ ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ მიერ სამედიცინო სერვისების ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიღებაზე, ზრდის პაციენტის ნდობას სამედიცინო დაწესებულების მიმართ.

პაციენტთა კმაყოფილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამედიცინო მომსახურების უწყვეტობაზე, რადგან თუ პაციენტი კმაყოფილია გაწეული სამედიცინო მომსახურეობით, იგი ცდილობს შეინარჩუნოს ექიმთან უწყვეტიურთიერთობა, რაც ზრდის სერვისების ადექვატურობას და შესაბამისად განაპირობებს პაციენტის უკეთეს შედეგებს. აქვე ყურადსაღებია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტროს 2012 წელს მიღებული ბრძანებით სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განახორციელოს პაციენტის და პერსონალის კმაყოფილების შეფასება. ზოგიერთ ქვეყნებში პაციენტის კმაყოფილების კვლევას იყენებენ სამედიცინო ორგანიზაციებისათვის აკრედიტაციის გაცემის ინსტრუმენტად. აშშ-ის ხარისხის ზედამხედველობის ეროვნული კომიტეტი (National Committee forQuality Assurance, NCQA) ჯანდაცვის ორგანიზაციებისაგან მოითხოვს პაციენტთაკმაყოფილების კვლევის შესახებ მონაცემების წარმოდგენას, როგორცსააკრედიტაციო პირობას. (Terry, 1996). აღნიშნული პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს სერვისების ხარისხის მიხედვით გააკეთონ უფრო ინფორმირებული არჩევანი. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოში სამედიცინო ორგანიზაციებმა დაიწყეს საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებისაკენ სწრაფვა. ერთ-ერთ პირველი სამედიცინო ორგანიზაცია, რომელმაც მოიპოვა საერთაშირისო აკრედიტაცია, წარმოადგენს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი. სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ "სამედიცინო მომსახურების გამჭვირვალობისა და ხარისხის კოოპერაციამ“ (KTQ)“ მას საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა. სამედიცინო ორგანიზაციების დაინტერესება საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებისაკენ ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას. კვლევის მიზანს შეადგენდა საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებისაკენ სამედიცინო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ღონისძიებების როლის შესწავლა პაციენტის კმაყოფილებაზე და შესაბამისად სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე. კვლევისათვის გამოყენებულ იქნა პაციენტების გამოკითხვა "სამედიცინო შედეგების კვლევა, პაციენტის კმაყოფილების კითხვარი“-ს მესამე რედაქციის (Medical Outcomes Study, Patient Satisfaction Questionnaire - MOS PSQ-III) მეშვეობით. პაციენტების უმრავლესობა პოზიტიურად აფასებს სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციას და ხარისხს, რაც დაკავშირებულია სამედიცინო ორგანიზაციების მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებისაკენ მიმართულ აქტივობებთან და 2013 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შემოღებასთან, რომელმაც გაზარდა მოსახლეობის მოცვა, ფინანსური ხელმისაწვდომობა და შესაბამისად, პაციენტის კმაყოფილება. დღევანდელ უაღრესად კონკურენტუნარიან ჯანდაცვის გარემოში, საავადმყოფოები უფრო მეტად აცნობიერებენ მომსახურების ხარისხზე ფოკუსირების საჭიროებას. მიზანშეწონილია პაციენტთა კმაყოფილების კვლევის, როგორც ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორის, ჩატარების ხელშეწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც გაზრდის სამედიცინო ორგანიზაციებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, და შესაბამისად სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას.

თენგიზ ვერულავა
მედიცინის აკადემიური დოქტორი
ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

დაგვიმეგობრდით

trance