როდის გვესაჭიროება ჰოლტერის მონიტორირება

როდის გვესაჭიროება ჰოლტერის მონიტორირება

კონსულტანტი: ლელა კოპალეიშვილი, 

მედიცინის დოქტორი 

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგი


თუ თქვენ გაქვთ ისეთი ჩივილები, როგორიცაა: გულის ფრიალი, თავბრუსხვევა, არარეგულარული პულსი (არითმია), ქოშინი, გაბრუება, გონების კარგვის შეგრძნება, ან გონების კარგვა, გულისცემის აჩქარება, ან  შენელება, ანამნეზში თავის ტვინის გარდამავალი იშემია ან ინსულტი, ღამის აპნოეს ეპიზოდები - ამ შემთხვევაში ექიმი დაგინიშნავთ ჰოლტერის მონიტორირებას,  რათა მოხდეს დიაგნოზის დადგენა  და  შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა,  შედეგად თავიდან ავიცილებთ ისეთ საშიშ გართულებებს, როგორიცაა უეცარი კარიული სიკვდილი და ინსულტი.


რა უნდა ვიცოდეთ ჰოლტერის მონიტორირების შესახებ:

ამბულატორული ეკგ-მონიტორირება, იგივე - ჰოლტერის მონიტორირება გულისხმობს კარდიოგრამის  უწყვეტად ჩაწერას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

რა უპირატესობა გააჩნია ჰოლტერის მონიტორირებას?

ჩვეულებრივი კარდიოგრამა ყოველთვის არ იძლევა საშუალებას დაისვას ზუსტი დიაგნოზი, ვინაიდან კარდიოგრამის გადაღების დროს პაციენტს იშვიათად გააჩნია რაიმე ჩივილი. ჰოლტერის მონიტორირების საშუალებით შესაძლებელია შეფასდეს გულის მუშაობა ფიზიკური და ემოციური დატვირთვის დროს, ძილის დროს, ჩვეული დღის რეჟიმის პირობებში, აღნიშნული გამოკვლევა ავლენს დეტალებს, რომლებიც ზოგჯერ შეუმჩნეველია ექიმის კაბინეტში.

როგორ ტარდება  ჰოლტერის მონიტორირება და ვის სჭირდება ის? 

ჰოლტერის აპარატი არის მოწყობილობა, რომელიც მაგრდება პაციენტის სხეულზე და უწყვეტად იწერს კარდიოგრამას 24 სთ -ის და მეტი დროის განმავლობაში (არსებობს 24 სთ-იანი, 48 სთ-იანი და 1 კვირიანი ჩაწერის პროგრამა.)

მიღებული ინფორმაცია გადადის კომპიუტერში, სადაც ექიმის მიერ ხდება მისი გაშიფრვა და იწერება კლინიკური დასკვნა.

კვლევის განმავლობაში პაციენტს აქვს დღიური, სადაც იწერს ფიზიკური და ემოციური დატვირთვის დროს, დაძინებისა და გაღვიძების დროს, ასევე ჩივილებს, თუ რა აწუხებდა მონიტორირების პერიოდში. აღნიშნული მიდგომა გვაძლევს საშუალებას, კომპლექსურად შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა.

ყველა ცვლილება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ჰოლტერის მონიტორირებისას, შეიძლება გავაერთიანოთ 3 დიდ ჯგუფად:

არითმიების  და  ბლოკადების გამოვლენა;

მიოკარდიუმის იშემიის გამოვლენა;

 მკურნალობის ეფექტურობის შეფასება.

აქედან გამომდინარეობს ჰოლტერის გამოკვლევის დანიშვნის ჩვენებების  3 კლასი:

1 კლასის ჩვენება ნიშნავს, რომ ჰოლტერის გამოკვლევა აუცილებელია, რათა გამოვლინდეს და დაფიქსირდეს  სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები.   

I  კლასის ჩვენებები:  

  • გონების დაბინდვა
  • თავბრუ
  • სინკოპე
  • გულისცემის აჩქარების ხშირი ეპიზოდები (გულის ფრიალი)
  • ანტიარითმული მკურნალობის შეფასება
  • გულის რითმის შეფასება პაციენტებში იმპლანტირებული კარდიოსტიმულატორით, აპარატის გამართულად მუშაობის შეფასება.
  • გახანგრძლივებული QT ინტერვალი ანამნეზში
  • გულის ფრიალი პაციენტებში WPW სინდრომით

II კლასის ჩვენებები: 

  • გაურკვეველი ხასიათის ტკივილი გულმკერდში
  • ქოშინი,  საერთო სისუსტე (რომლის მიზეზი უცნობია)
  • ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა მარცხენა პარკუჭის კუმშვადი ფუნქციის დარღვევის დროს
  • გულის ქრონიკული უკმარისობა
  • ჰიპერტროფული და დილატაციური კარდიომიოპათია
  • ანტიარითმული მედიკამენტების არითმოგენული ეფექტის შეფასება
  • გულის შეკუმშვათა სიხშირის განსაზღვრა პაციენტებში მოციმციმე არითმიით
  • არითმიის შეტევების სიხშირის განსაზღვრა პაციენტებში იმპლანტირებული დეფიბრილატორით
  • ღამის აპნოეს ეპიზოდები
  • ვარიანტული სტენოკარდიის დიაგნოსტირება
  • კარდიოქირურგიული ოპერაციების წინა და შემდგომი პერიოდის შეფასება
  • სხვა ორგანოებზე ოპერაციული  მკურნალობის წინ თუ პაციენტი ხანდაზმულია და არის ეჭვი კორონარული არტერიების ათეროსკლეროზზე

III კლასის ჩვენებები:

  • თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის ეპიზოდები ანამნეზში
  • მიტრალური სარქვლის მანკები
  • არტერიული ჰიპერტენზია მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით
  • თირკმლის უკმარისობა (ტერმინალური სტადია)

ჰოლტერის მონიტორირებისას შეიძლება გამოვლინდეს ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა: სიცოცხლისთვის საშიში არითმიები, ბლოკადები, მუნჯი იშემიის ეპიზოდები, რომელთა დროული მკურნალობა საშუალებას იძლევა, გადავარჩინოთ პაციენტის სიცოცხლე.

დაგვიმეგობრდით

trance