კარდიული რეაბილიტაცია

კარდიული რეაბილიტაცია

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი გთავაზობთ ჩვენი ქვეყნისთვის ინოვაციურ, მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული კარდიოლოგიური ორგანიზაციების მიერ რეკომენდებულ,  მეცნიერულ  მტკიცებულებაზე დამყარებულ მკურნალობის მეთოდს  -  კარდიულ რეაბილიტაციას.


კარდიული რეაბილიტაცია ტარდება:

  • ჰოსპიტალურად  ყველა კარდიოქირურგიული ოპერაციის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, გულის უკმარისობის დროს, იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტის მობილიზაცია ვერ ხერხდება საწოლში ხანგრძლივი იმობილიზაციის გამო. რეაბილიტაცია იწყება ჰოსპიტალიზაციის პირველივე დღეებიდან და გრძელდება სტაციონარში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, ბინაზე გაწერის დღის ჩათვლით.
  • ამბულატორიულად  ყველა კარდიული პათოლოგიისა (მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, სტენოკარდია, გულის უკმარისობა და სხვა) და ინტერვენციის შემდეგ (კარდიოქირურგიული ოპერაციები, კორონარული სტენტირება, პეისმეიკერისა და დეფიბრილატორის იმპლანტაცია), კვირაში 2-3ჯერ რამდენიმე თვის განმავლობაში.

    ყველაზე მაღალი კლასის საერთაშორისო  მტკიცებულებისა და ჩვენი გამოცდილების საფუძველზე კარდიული რეაბილიტაცი მკურნალობის ხარჯთეფექტური მეთოდია და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაავადების ახლო და შორეულ გამოსავალს. კერძოდ:  ამცირებს სიკვდილობას, დაავადებისა და ინტერვენციის განმეორებით შემთხვევებს, აუმჯობესებს პაციენტის ფუნქციურ უნარს,  ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობასა და ცხოვრების ხარისხს.

    მიუხედავად იმ არასასურველი ფაქტისა, რომ თანამედროვე  ევროპული სტატისტიკის მიხედვით ჩვენი ქვეყანა გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილობის მიხედვით ძალიან მაღალი რისკის ქვეყნების ჩამონათვალშია, დღესდღეისობით ჩვენი ცენტრი ჯერ კიდევ ერთადერთია, სადაც კარდიული რეაბილიტაცია აქტიურად ფუნქციონირებს.    ამ დროისათვის იგი ჩატარებული აქვს 2000-ზე მეტ ჰოსპიტალიზებულ და 400-მდე ამბულატორიულ პაციენტს. რეაბილიტაციის პროგრამებს წარმართავს გერმანიის ლიდერ კარდიოლოგიურ კლინიკაში ტრენირებული კარდიოლოგი და რეაბილიტოლოგი.

     

    ჩვენს ცენტრში ჩატარებული აღნიშნული კვლევა, რომელიც დაახლოებით 300 პაციენტზეა შესრულებული,  ობიექტური დასაბუთებაა ჰოსპიტალური რეაბილიტაციის პოზიტიური შედეგების შესახებ. კლინიკიდან გაწერის დღეს საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომელთაც არ ჩაუტარდათ რეაბილიტაცია, ძირითადი ჯგუფის პაციენტების ფუნქციური უნარი მნიშვნელოვნად მაღალი აღმოჩნდა, ხოლო საწოლ-დღეების რაოდენობა, ანუ სტაციონარში მკურნალობის ხანგრძლივობა კი - სტატისტიკურად სარწმუნოდ დაბალია. აღნიშნული მაჩვენებლები ადასტურებს რეაბილიტაციის ხარჯთეფექტურობას, უპირველეს ყოვლისა, პაციენტისთვის, ისევე როგორც დაწესებულებისთვის.

    ჩვენი კლინიკის რეაბილიტაციის დეპარტამენტში ასევე ტარდება ქრონიკული ტკივილის მართვის ცენტრებში ტკივილის მკურნალობის ყველაზე ხშირად გამოყენებული ფიზიოთერაპიული პროცედურები - ელექტროსტიმულაცია, ელექტროფორეზი, ფონოფორეზი. აღნიშნული რეაბილიტაციური მეთოდები წარმატებით გამოიყენება ხერხემლის, სახსრების ტკივილისა და სხვა ნევროლოგიური და რევმატოლოგიური დაავადებების დროს.

    ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ დროს და პროფესიონალი კარდიოლოგისა და რეაბილიტოლოგების დახმარებით ჩაიტარეთ კარდიული რეაბილიტაცია, როგორც მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მეთოდი, გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე და გაიუმჯობესეთ ცხოვრების ხარისხი.

     
                                                        ცენტრის რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 
                                                          მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგი - ნონა დოლიძე

დაგვიმეგობრდით

trance