გადაუდებელი დახმარება

გადაუდებელი დახმარება

კონსულტანტი: ივანე ხოჭოლავა
ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი 


გადაუდებელი დახმარებისთვის ჩვენთან ზოგჯერ თავისი სვლით, ზოგჯერ კი სასწრაფო დახმარების მანქანებით მოდიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ მწვავე ინფარქტის, სტენოკარდიის, არითმიის, გულის უკმარისობის ნიშნები. კლინიკაში დროულად მოსვლაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საბოლოო შედეგი. გამოკითხვით ირკვევა, რომ პაციენტებს, ვინც მწვავე ინფარქტის გამო მოგვმართა, წინა დღეებშიც ჰქონიათ მცირე შეტევები და სპაზმები, რისთვისაც ყურადღება არ მიუქცევიათ, რადგან კუჭის პრობლემად ხელისა თუ სახსრის ტკივილად მიუჩნევიათ. არადა, ტკივილის სხვადასხვა ადგილზე გადაცემა სწორედ გულის შეტევას ახასიათებს.

  – როგორია გულის შეტევის ნიშნები? 

  – პირველი და ყველაზე მთავარი, ასე ვთქვათ, მკვლელად აღიარებული ნიშანი – ეს არის წნევა! რატომღაც საქართველოში უგულებელყოფენ წნევით გამოწვეულ საფრთხეს და შინაურ პირობებში იღებენ ზომებს, რაც პრინციპულად დაუშვებელია, რადგან წნევა შესაძლოა, რაიმე სხვა სახის დაავადების, თუნდაც თირკმლის სნეულების გამოვლინება იყოს და თვითნებურად მისმა მკურნალობამ მრავალი საფრთხე წარმოშვას. წნევას და მის პარამეტრებს ადამიანი მუდმივად უნდა აკონტროლებდეს, ხოლომ როცა წნევის არმქონე ადამიანს ის მოულოდნელად აუწევს, სასურველია, თავიდანვე გაიაროს კონსულტაცია ოჯახის ექიმთან ან კარდიოლოგთან, რათა მისი გამომწვევი რისკ-ფაქტორები დროულად გამოავლინოს.  

  – და რით შეიძლება იყოს განპირობებული წნევის მატება?

  – წნევას ხშირად არანაირი მიზეზი არა აქვს და მხოლოდ სისხლძარღვების ელასტიკურობის დაკარგვით არის განპირობებული, თუმცა, მეორადი წნევა, რომელიც თანმხლები სიმპტომია, პრაქტიკაში იშვიათად გვხვდება. 90%-ზე მეტ შემთხვევაში, წნევა თავად არის დაავადება. არსებობს წნევის გამომწვევი გენეტიკური საფუძველი, ასევე ისეთი ფაქტორების არსებობა, როგორიც არის თამბაქოს უკონტროლო მოხმარება, ჭარბი ქოლესტერინი, უმოძრაო ცხოვრების რიტმი, ალკოჰოლისა და მარილიანი საკვების მოხმარება... შეიძლება ითქვას, რომ წნევა მოურჩენელი დაავადებაა, რომელსაც მუდმივი კონტროლი, რეჟიმის შერჩევა და მედიკამენტური მკურნალობა სჭირდება. თუ პაციენტს სისტემატიურად მაღალი წნევა ექნება და ყურადღებას არ მიაქცევს, შესაძლოა, გულის უკმარისობამდე, ინსულტამდე და ინფარქტამდეც მივიდეს. წნევის პროფილაქტიკის მთავარი მოთხოვნებია ცხოვრების წესის შეცვლა, წონის, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების დარეგულირება და მედიკამენტური ჩარევით სტაბილური მდგომარეობის მიღწევა. იმის გათვალისწინებით, რომ გულის ავადმყოფობები გაახალგაზრდავდა, 40 წლის ასაკიდან ადამიანები ვალდებულები არიან, წნევის პარამეტრებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.

  – რას წარმოადგენს არითმია?

  – არითმია განსაკუთრებით მაშინ არის საშიში, როცა გულის უკმარისობის ან მწვავე ინფარქტის ფონზე ვითარდება, თუმცა, იზოლირებულად, ცალკე განვითარებული არითმიებიც არსებობს. ყველაზე საშიშია მოციმციმე არითმია, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია და ექოსკოპიური მონიტორინგი. მისი მოხსნა ხდება მედიკამენტური ან ელექტრული საშუალებებით. თავიდან არითმიის აღმოჩენა პულსის გასინჯვით ხდება. გამოცდილ პაციენტებს ელემენტარული თვითმკურნალობის გამოცდილება გააჩნიათ და აჩქარებულ ან შენელებულ პულსს შესაბამისი მედიკამენტებით არგულირებენ. თუ პაციენტს სათანადო ცოდნა და გამოცდილება არა აქვს, ანტიარითმიული მედიკამენტების მიღება სახიფათოა! თანაც, პრეპარატები აუცილებლად კარდიოლოგმა უნდა დანიშნოს. თუ მედიკამენტური მკურნალობა საკმარისი აღარ არის, საჭირო ხდება ელექტრო საშუალებების გამოყენება. როცა არითმია შენელებულად მიმდინარეობს და მედიკამენტი ვერ შველის, საქმეში ერევა რითმოლოგიის დეპარტამენტი. რითმოლოგია იმდენად დიდი დარგია, რომ კარდიოლოგიას გამოეყო და ცალკე არსებობს. იდგმება დროებითი სტიმულატორი, რომელიც გულისცემას ხელოვნურად აჩქარებს, შემდეგ კი, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, რითმოლოგები მუდმივი სტიმულატორის ჩადგმაზე იწყებენ მსჯელობას.

დაგვიმეგობრდით