ჩემი ავადმყოფობის ისტორია  ანუ № 966-ე პაციენტის ჩანაწერები

ჩემი ავადმყოფობის ისტორია ანუ № 966-ე პაციენტის ჩანაწერები

უცვლელად გთავაზობთ გაზეთ "საქართველო და მსოფლიო"-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც, ბ-ნი არმაზ სანებლიძე აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მკურნალობის პერიოდს ჰყვება.

ფოტოზე: პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი ამერიკელ სტუდენტებთნ ერთად



"უბედურია, როგორც ღმერთი“, - მარკ ტვენი თავის ამ ფრთიან ფრაზას ასე განმარტავს: უბედურია, რადგან ყოველ წუთსა და ყოველ საათს მის მიერ შექმნილი მილიარდობით არსების არნახულ ტანჯვაწამებას ხედავს და ისიც იცის, რა უბედურებაც ელით. ეს გამონათქვამი, ალბათ, ექიმსაც მოერგება, რადგან მოკვდავთა შორის იგი ერთადერთია, რომელმაც იცის როდის დასრულდება მისი პაციენტის სიცოცხლე. ასე მიაჩნიათ.

ამგვარი ნეკროფილური განწყობილებით დამძიმებული მივდივარ საქვეყნოდ ცნობილ კარდიოლოგთან, ქალბატონ გულიკო ჩაფიძესთან შესახვედრად მისივე სახელობის გადაუდებელი კარიდოლოგიის ცენტრში.10 წლის წინათ გაკეთებული შუნტირების ოპერაციის გარანტირებულ წლებს შარშან აგვისტოში გაუვიდა ვადა. დამრჩა რამ საამქვეყნო კიდევ? ამის გასაგებად მივდივარ.
რამდენჯერმე მიმიწვია. ვერ მივედი, რადგან ხალხური შემოქმედების ბრწყინვალე ნიმუშისა არ იყოს, ბევრი კი ვუარე, მაგრამ "რა ვქნის ციხის“ - უხერხულობის ბასტიონის -კარი შევაღე:


"რა ვქნა ციხე ავაგე
ჯავრი შავაბი კარადა,
საიქიოდან მოიდენ
ამ ციხის სანახავად,
ბევრი უარეს ციხესა,
კარ ვერ გატეხეს ძალადა,
მერე თქვეს:
დრო რომ მოალის
კარ გაიღების თავადა“


საიქიოდან მოსვლას არავინ აპირებდა და მეც სხვა რა გზა მქონდა, მივედი.

რადგან ვიცოდი, რომ სწორედ აქ, ამ სამედიცინო ცენტრში (ერთ-ორგან კიდევ), ცდილობენ, დაიცვან საერობო ექიმის საუკუნოვანო ტრადიცია, რომელიც ცხოვრების სამომხმარებლო პრინციპებზე გადასულ ჩვენს საზოგადოებაში პრაქტიკულად აღარ არსებობს.

გულიკო ჩაფიძემ და მისმა კოლეგებმა შეძლეს, შეენარჩუნებინათ ქართულ სულიერებას, ექიმის პრაქტიკულ მოღვაწეობას ესოდენ მორგებული პრინციპი: უანგარობა, თანადგომა, თანალმობა!

ჩემი მკურნალი ექიმი ნონა მაისურაძე მეტყვის:

"ეს ფენომენი ქალბატონ გულიკო ჩაფიძეს უკავშირდება, ამ ცენტრის დამაარსებელს. დიდი ღვაწლი მიუძღვის ავთანდილ ჯორბენაძეს პაციენტისადმი ასეთ დამოკიდებულების შენარჩუნებაში. ისინი პირადად გვაიძულებენ ამის მაგალითს. და, თუ თაობებს შორის ამ კუთხით არის მსგავსება, ეს მასწავლებლებისგან მოდის.
მარტო ეს რომ იყოს...“

პალატა 501

მიმიღეს დიდებულად.

პალატაში ერთმანეთის მიყოლებით შემოგოგმანდებიან მედდები და სანიტრები - ლურჯი ნაწილები, ცოტა მონაცისფრო.

დილიდანვე. უთენია.

ეს - წნევის გაზომვაო,
ეს - შაქრის,
ეს - წამლის მიღებაო,
ეს - დასუფთავება-დალაგება პალატის, რომელშიც ისედაც სტერილური სისუფთავეა.

ყველაფერს ისე საგულდაგულოდ აკეთებენ, თითქოს მასტერკლასს ატარებენ. საჩვენებელს.

კარზე მორიდებული დაკაკუნებით მობრძანდებიან ექიმები: ხომ არ შეგაწუხებთ, ხელს ხომ არ შეგიშლით?

ექიმები თეა ლობჟანიძე (რევმატოლოგი) და მედეა ამაშუკელი (ენდოკრინოლოგი) გამოწვლილივით მსინჯავენ.

ეტლით ჩავყავართ ექოსკოპიაზე, ბ-ონ ბესო ჯაშიაშვილთან. უადგილო გამოხდომაზე: ჩემი ფეხით ჩავალ, ჯერ კიდევ შემიძლია, - სანიტარი მიპასუხებს: - ჩვენთან ასეთი წესია და უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩამაყენებთ! ვნებდები და უსიტყვოდ ვჯდები მორთმეულ სატრანსპორტო საშუალებაში.

ისე მექცევიან, თითქოს პაციენტი კი არ ვარ, არამდე წესისა და კანონის დამდგენი ვიპპერსონა.

მითხრეს, კორონაროგრაფიაზე ჩაგიყვანთ ინტერვენციულ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ალექსანდე ალადაშვილთან, რომელიც, ამ საქმის პიონერია საქართველოში და ამავდროულად საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.

ჩამიყვანენ.

მანამდე კი მიბმული ვარ წვრილი, ელასტიური მილით პლასტიკატის გამჭირვალე ბოთლიდან ჩემს ძარღვებში სითხის გადმოდინების წვეთოვან სიზანტეს.

ჩათავდა.

ჩავედით (ცხადია, ეტლით). სიხარულით ვესალმებით ერთმანეთს პაციენტი და ექიმი. ასეთი "ფამილარობით“ გაოცებული გვიყურებენ ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატიდან ჩამოსული მომავალი ექიმები - გოგონები ლურჯ უნიფორმებში, რომლების კედელთან ჩამწკრივებულან და ელოდებიან სასწავლო-საჩვენებელი ოპერაციის დაწყებას.

თეთრ ზეწრებს ჰიჯაბივით ჩამომაფარებენ და ბ-ნი ალექსანდე იწყებს ამ უაღრესად ფაქიზ და სათუთ სამედიცინო მანიპულაციას. თან დაწვრილებით უხსნის (ინგლისურად) ამერიკელ რეზიდენტებს, რას, რატომ და როგორ აკეთებს.

ვწევარ, როგორც ფაშა, და ვერაფერს ვგრძნობ.  ვფიქრობ: რა მაღალ დონეზე უნდა იდეს ეს ჩვენთან, როგორი დიდოსტატების ხელში უნდა იყოს, რომ აშშ-დან თბილისში გზავნიან მომავალ ექიმებს პრაქტიკის გასავლელად. ისწავლეთ, გენაცვაო!

ვფიქრობ და თანდათან მეუფლება აღმატებულობის განცდა, გოგოლის "შეშლილის ჩანაწერების“ გმირისა არ იყოს:

"დღევანდელი დღე არის დღე უდიდესი ზეიმისა. ესპანეთში არის მეფე. ეს მეფე ვარ მე. სწორედ დღეს შევიტყვე ამის შესახებ... წუინ კი ყველაფერი თითქოს რაღაცნაირი ურუსით იყო მოცული. და ეს ყველაფერი, ვფიქრობ, ხდებოდა იმის გამო, რომ ხალხს ჰგონია, თითქოს ადამიანის ტვინი თავშია. სულაც არა. იგი ქარს მოაქვს კასპიის ზღვის მხრიდან“

ასეთ ეიფორიაში ვიყავი, სანამ თვითმფრინავის ანგარივით წაგრძელებულ რეანიმაციაში არ შემაგორეს, სადაც ათობით ჩემნაირი იწვა.

მაშინღა მივხვდი, რომ მე გამონაკლისი კი არ ვიყავი, არამედ - ჩვეულებრივი პაციენტი, ერთ-ერთი იმ მრავალთაგან, რომლებიც ამ კლინიკაში მკურნალობენ, და რაც დამიდასტურა შპს "გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ავტანდილ ჯორბენაძემ,  მაგრამ ინტერვიუზე უარი მითხრა: არა, თუ ძმა ხარ, გაზეთებთან და ტელევიზიებთან ურთიერთობას, დიდი ხანია, თავი დავანებეო.

საუბარი "პრესის გარეშე“

ფარულად ჩავიწერე. რადგან საერობო ექიმობის ტრადიციის მცველთა თავმდაბლობას ანგარიში თუ გავუწიეთ, მათი კეთილი საქმეები ისტორიისთვის სამუდამოდ დაიკარგება.

არადა, ჩვენინ ეროვნული სიმდიდრეა.

სხვა გამოსავალი არ მქონდა და უნდა მაპატიოს ბატონმა ავთომ რესპოდენტთან ურთიერთობის ეთიკის დარღვევის ასეთი ალისტრახოიზმი.

- ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, რაღაც არაჩვეულებრივი მოვლენად არ უნდა აღიქმებოდეს. ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთებია, მაგრამ უფრო მეტის გაკეთებას ვაპირებთ, ჩვენი სამედიცინო დაწესებულება მართლაც სანიმუშო რომ გახდეს

- რას გულისხმობთ, ბ-ნო ავთო?

ფასიანი მედიცინის არსებულ პირობებში მკურნალობის სტანდარტები უნდა იყოს ძალიან მაღალი განურჩევლად ყველასთვის. პაციენტი რომ მოვა, ისეტი, რომელსაც შეძლებული პატრონის არ ჰყავს და ხელმოკლეა, იმანაც მაქსიმალური სამედიცინო დახმარება უნდა მიიღოს, ასეთია ჩვენი მთავარი პრინციპი.

ვცდილობთ დავნერგოთ უახლესი ტექნოლოგიები, ყველაფერი, რაც კვლევასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან არის დაკავშირებული.

ჩვენს კლინიკაში შემოსული ავადმყოფი, რომელიც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს, ორ საათში საოპერაციოში უნდა იყოს: ინტერვენციონისტებმა და ქირურგებმა ოპერატიულად უნდა დაადგინონ საერთო მდგომარეობა, დასვან დიაგნოზი და მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, როგორ უმკურნალონ პაციენტს.

- ესე იგი, წინა პლანზე წამოიწია ოპერატიულობამ?


- ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ახალმა ტექნოლოგიებმა მკურნალობის ზუსტად დადგენილი მიმართულებით ჩარევისა და მკურნალობის საშუალება მოგვცა.

- წლების განმავლობაში საქართველოში ჯანმრთელობის დაცვას ედექით სათავეში, მინისტრი იყავით, შემდეგ - სახელმწიფო მინისტრი.

- დაახლოებით ასე იყო (ეღიმება).

- და რაც იმხანად ქვეყნის მასშტაბით მოხდებოდა, ნებისმიერი ფაქტი, რომელიც თქვენ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული, მათ შორის, ნეგატიურიც, თქვენი საწუხარი იყო, თქვენი მოსავლელი და გამოსასწორებელი. ასეთ ფაქტებს დღეს რომ გაიგებთ, კვლავ გულთან მიგაქვთ?

- კი, რა თქმა უნდა, რადგან ისეთი ჩვევაა, ერთხელ თუ გაგიჩნდება, მთელი ცხოვრება გაგყვება. მე გამონაკლისი არ ვარ -  ჩვენი, ქართველი ექიმების დიდი უმრავლესობის საერთო თვისებაა. ჩემი აქაური კოლეგები დასავლეთში დასაქმებული ექიმებისგან გაცილებით მეტი ადამიანური სითბოთი გამოირჩევიან. უახლესი ტექნოლოგიები, კვლევის თანამედროვე მეთოდები ავადმყოფთან გრძელვადიანი ურთიერთობის გარეშე მკურნალობის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ ვერანაირად გვერდს ვერ ავუვლით პაციენტისა და ექიმის ადამიანური ურთიერთობის ფაქტორს, ფსიქოლოგიურ ურთიერთობას, სიტყვით მკურნალობას. მარტო ავტომატიკით ფონს ვერ გახვაალ. სულსაც სჭირდება გამხნევება და მკურნალობა დადებითი განწყობილების შექმნით. გულთან მიტანა, როგორც თვით, ჩვენი ამქრის თანდაყოლილი თვისებაა.

- გულსსიხლძარღვთ დაავადებების სტატისტიკა როგორი გვაქვს საქართველოში?

- ძალიან იმატა. ერთ-ერთი პირველია არაინფექციურ დაავადებებს შორის, ძალიან გაახალგაზრდავდა, რაც ყველაზე უფრო შემაშფოთებელია.

- რამდენია ვადმყოფი მოგმართავთ დღეში?

-ამბულატორიულად 100-120; სტაციონარულად - 20-30. ერთროულად სტაციონარში მკურნალობს 80-დან 110-მდე პაციენტი, წლის განმავლობაში მხოლოდ გულზე კეთდება 600-700 ოპერაცია, მათგან ბევრი უმძიმესი, ანუ კომბინირებული ოპერაციაა: რამდენიმე სისხლძარღვისა და დაზიანებული 2 ან მეტი სარქვლის გამოცვლა ერთდროულად ხდება. ეს უკვე უმაღლესი ხელოვნებაა, თუ შეიძლება ასე ითქვას... ჩვენი ქირურგები მომუშავე გულზე აკეთებენ ოპერაციებს.

ჩვენმა საუკეთესო ქირურგმა - ზვიად ბახუტაშვილმა საქართველოში დანერგა ე.წ. ოზაკის ოპერაცია, რომლისთვისაც მის ავტორთან მივლინებული იყო იაპონიაში.

- რით არის განსაკუთრებული ეს ოპერაცია?

- ამ დროს კეთდება აორტის სარქვლის პლასტიკა საკუთარი პერიკარდიუმის ფურცლის გამოყენებით, ანუ ხდება სარქვლის აღდგენა საკუთარი ქსოვილით, რაც განაპირობებს იმას, რომ პაციენტს აღარ სჭირდება სპეციალური მედიკამენტების მიღება დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში...

ამ და ყველა სხვა სიახლის დანერგვის მიზანი, იცით, რას ნიშნავს?

- არ ვიცი?

- ეს ნიშნავს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

- ანუ?

- ანუ ნიშნავს, რომ პაციენტი ჩვეულებრივად გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას და საზოგადოების სრულუფლებიან წევრად დარჩება.

და კიდევ: თუ აქამდე ჩვენი ქირურგები ოპერაციას უკეთებდნენ 65-70 წლის პაციენტებს, ახლა 80-85 წლის ადამიანების ოპერირება ჩვეულებრივი ამბავია.

- პაციენტების გაზრდილ რაოდენობას აუდის კი ექიმების ის კონტიგენტი, რომელიც თქვენთან მუშაობს?

- ესეც მნიშვნელოვანი მომენტია: თუ ექიმი დატვირთული არ იქნება და არ იმუშვებს იმ დიაპაზონში, რომელიც ხელეწიფება, კვალიფიკაცია ეკარგება. ეს, უწინარეს ყოვლისა, ქირურგებს ეხება, ასევე ინტერვენციონისტებს. ხელებს "მეხსიერება“ უქვეითდება, გონებასაც, რა თქმა უნდა, ავტომატიზმი ქრება, რაც უარყოფითად აისახება ავადმყოფთა მკურნალობის ხარისხზე, რომელიც (ხარისხი) საქართველოში, სამწუხაროდ, არცტუ იშვიათად მაღალ სტანდარტებს არ უპასუხებს.

ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამამ განუზომლად გაზარდა კვალიფიციური სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა საქართველოს მოსახლეობისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნელა, მაგრამ მაინც ვითარდება კერძო დაზღვევა, რაც ასევე მნიშვნელოვანია. დაზღვევის ფარგლებში სრულად უფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება განსაკუთრებულ სოციალურ ჯგუფებს: უმწეოებს, ანუ სოციალურად დაუცველებს, ვეტერანებს, სტუდენტებს.

ერთ თავისებურებას განსაკუთრებით გამოვყოფ: კარდიოქირურგიული ოპერაციის ღირებულება საქართველოში შეადგენს დაახლოებით 12-15000 ლარს, მაშინ, როცა ევროპაში 25-45000 ევროა, აშშ-ში - 90 – 100 000 დოლარი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საჭირო ინსტრუმენტი, მედიკამენტი და სამედიცინო მოვლის საგანი ევროპული წარმომავლობისაა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც განვახორციელებთ, ქველმოქმედებაა. ჩვენი გამოცდილი ექიმები ჩადიან საქართველოს რეგიონებში და მაღალკვალიფიციურ დახმარებას უწევენ ათასობით ადამიანს, რაც დიდი შეღავათია იმ ხალხისთვის, რომელსაც უჭირს დედაქალაქში ჩამოსვლა.

თაობათა ცვლა?

ეგეც არის. ბუნების კანონია. უმთავრესი ახალგაზრდების პროფესიული ზრდის უზრუნველყოფაა, მათთვის უწყვეტი პოსტდიპლომური განათლების სისტემის შექმნა, რასაც, მგონი, ვახერხებთ. აღვადგინეთ ძველი კავშირები, უცხოეთის პროფილურ კლინიკებთან, დავამყარეთ ახალი ურთიერთობები, რაც ჩვენი ახალგაზრდა კოლეგების პროფესიულ ზრდაზე კეთილსმყოფელ გავლენას ახდენს. თითქმის არავინ დაგვრჩა უცხოეთში სტაჟირებაგაუვლელი. მაგალითისთვის დაგისახელებთ ფრაიბურგის, ბად-კროცინგენის, ბერლინის, მიუნხენის, ბელგიისა და დასავლეთ  ევროპის სხვა ცნობილ საუნივერსიტეტო კლინიკებს, ასევე - აშშ-ის ემორის უნივერსიტეტს.

ყოველდღიურად უამრავი ახალი ინფორმაციაა მედიცინაში, რომლის ათვისების გარეშე ექიმის პროფესიონალიზმზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

- გაფართოებას თუ აპირებთ?


- ვაპირებთ. უპირველესად, გვინდა, ქირურგია აღვჭურვოთ უახლესი სტანდარტების დონეზე; მეორე - დიაგნოსტიკის მძლავრი ცენტრი. პროქეტი მზად არის, იმედია თბილისის მერია დროულად, მოიწონებს ჩვენ პროექტს, მაშინ წლის ბოლოს გახსნაზე მოგიწვევთ...

***

ასეთად ესახება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცეტნრის განვითარება-გაფართოების პერსპექტივა ბ-ონ ავთანდილ ჯორბენაძეს.

- რადგან ხელი მოვკიდეთ, კიდეც გავაკეთებთ, - უთხრა მან "საქართველოს და მსოფლიოს“ კორესპოდენტს.

იმედიანად.

"პესიმიზმი მხოლოდ სიტყვაა, რომელსაც სუსტნერვიანები სიბრძნეს უწოდებენ“.

ესეც მარკ ტვენია.



არმაზ სანებლიძე,
წლევანდელი
№966-ე პაციენტი


დაგვიმეგობრდით

trance