თენგიზ ვერულავას მორიგი სამეცნიერო გამარჯვება

თენგიზ ვერულავას მორიგი სამეცნიერო გამარჯვება

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი მეცნიერებისა და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2019 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა.


თენგიზ ვერულავას პროექტმა - "პაციენტთა დამოკიდებულება ოჯახის ექიმთან მიმართვიანობაზე საქართველოში" მიიღო მაღალი შეფასება და აღიარებულ იქნა ერთ-ერთ საუკეთესო კვლევით პროექტად.

საგრანტო კონკურსის მიზანია ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციისა და თანამშრომლობის, მეცნიერების განვითარების, სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში გამოქვეყნების ხელშეწყობა.

გრანტი შესაძლებლობას იძლევა მეცნიერმა სამეცნიერო ნაშრომი წარადგინოს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე და ითვალისწინებს მოკლევადიანი ინდივიდუალური ვიზიტის დაფინანსებას საზღვარგარეთ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.

სამეცნიერო ნაშრომის მიზანს შეადგენდა საქართველოში პაციენტის მიერ ოჯახის ექიმთან დაბალი მიმართვიანობის პრობლემის შესწავლა.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ოჯახის ექიმთან მიმართვა დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით. პაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილი წელიწადში ერთხელ ან საერთოდ არ მიმართავს ოჯახის ექიმს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პაციენტები ცდილობენ ოჯახის ექიმის გვერდის ავლით, პირდაპირ ექიმ-სპეციალისტს მიმართონ. ცხადია, ასეთ პაციენტებს ნაკლებად სავარაუდოა ჰქონდეთ უწყვეტი სამედიცინო მეთვალყურეობა საკუთარ ოჯახის ექიმთან. ასევე, პაციენტები პრევენციის მიზნით საკონსულტაციოდ იშვიათად მიმართავენ ოჯახის ექიმს. ოჯახის ექიმებიც ნაკლებად ატარებენ პრევენციულ ღონისძიებებს. აღნიშნული ამცირებს სამედიცინო მომსახურების ეფექტურობას, რადგან ვერ ხდება პრევენციული ღონისძიებების მეშვეობით დაავადებების ადრეული გამოვლენა.

ოჯახის ექიმთან დაბალი მიმართვიანობა განპირობებულია მათ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხისადმი ნდობის ნაკლებობით. ოჯახის ექიმების აზრით, პაციენტების მხრიდან მათდამი უნდობლობა და დაბალი კმაყოფილება გამოწვეულია არამარტო მათი მიზეზით, არამედ იმითაც, რომ პაციენტებს არ მოსწონთ ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულებების ინფრატრუქტურა, ოჯახის ექიმთან ვიზიტისას რიგში დგომა. ასევე, გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება დამკვიდრებულ სტერეოტიპს, თითქოს ოჯახის ექიმები ექიმ-სპეციალისტებთან შედარებით ნაკლებად პროფესიონალები არიან. ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემის დაბალ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოჯახის ექიმების დაბალი ანაზღაურება. ამასთან, ოჯახის ექიმების გამოკითხვით, მათი დატვირთვა აღემატება ანაზღაურებას. გასათვალისწინებელია, რომ უმრავლესობას არ ყავს ექთანი და უწევთ გაორმაგებული მუშაობა.

მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოება, რომ დამსაქმებლები ნაკლებად ცდილობენ ოჯახის ექიმების პროფესიულ ზრდის ხელშეწყობას. შესაბამისად, ოჯახის ექიმებს არ აქვთ პროფესიული სრულყოფისა და განვითარების საშუალება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროში, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის. კვლევა აჩვენებს, რომ სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ნაკლებად ინტერესდება ოჯახის ექიმების პრობლემებით. შესაბამისად, არ ხდება პრობლემების იდენტიფიცირება, თითოეული პრობლემური შემთხვევის განხილვა, გაანალიზება და მოსაგვარებელი გზების ძიება.


ცალკე პრობლემად შეიძლება გამოიყოს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში სავალდებულო ხასიათს არ ატარებს უწყვეტი პროფესიული განათლება. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ვერ განხორციელდება სათანადოდ განათლებული ოჯახის ექიმის/ექთნის გარეშე. ამისათვის საჭიროა პერსონალის პროფესიული მომზადების დონის ამაღლება. ამ მხრივ, ქვეყანაში არსებობენ საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრები, სადაც ხდება ოჯახის ექიმის/ექთნის გადამზადება. თუმცა, ისინი უმეტესწილად ფასიანია და ხშირად მასზე ფინანსური ხელმისაწვდომობა დაბალია. სახელმწიფომ, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით შესაფერისი კვალიფიკაციის პირველადი ჯანდაცვის ადამიანური რესურსების საჭირო სიმძლავრის განვითარება. ასევე, სახელმწიფოს მხრიდან უნდა ხდებოდეს ოჯახის ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა.

კვლევა აჩვენებს, რომ ოჯახის ექიმის ანაზღაურება დაბალია, რაც აბრკოლებს ქვეყანაში ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებას. გარდა ამისა, არ გამოიყენება ოჯახის ექიმის ანაზღაურების ეფექტური მეთოდები. კერძოდ, დღეისათვის, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, ოჯახის ექიმის ანაზღაურება ხდება მასთან აღრიცხვაზე მყოფი ბენეფიციარების რაოდენობის მიხედვით. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარების ხელშესაწყობად საჭიროა პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალის შრომის ნორმალური ანაზღაურების უზრუნველყოფა. მიზანშეწონილია პირველადი ჯანდაცვის ანაზღაურების კომბინირებული მეთოდების დანერგვა, რაც გულისხმობს სულადობრივი მეთოდის გარდა ანაზღაურების სხვა მეთოდით დაფინანსებას (გაწეული მომსახურების მიხედვით, მიზნობრივ ანაზღაურება და ა.შ.). განსაკუთრებით ყურადსაღებია ექიმების სტიმულირებადი ანაზღაურების მეთოდები ბენეფიციარებზე პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩასატარებლად.


აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრულოცავს ბატონ თენგიზს სამეცნიერო გამარჯვებას და უსურვებს მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს!

დაგვიმეგობრდით

trance