ზვიად ბახუტაშვილი უნიკალური ოპერაციის დეტალებზე

ზვიად ბახუტაშვილი უნიკალური ოპერაციის დეტალებზე

2019 წლის 27 ივნისს, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტი თავს შესანიშნავად გრძნობს.


ოპერაციის დეტალებზე ვესაუბრებით ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ზვიად ბახუტაშვილს:


– რა დაზიანებები ჰქონდა პაციენტს?


– პაციენტი ჩვენთან თავდაპირველად შუნტირების და აორტის სარქვლის შეცვლის მიზნით მოვიდა, მაგრამ ექიმების ყურადღება იმით მიიქცია, რომ აორტის რკალი და მისგან გამომავალი ბრახიოცეფალური (თავის ტვინის მკვებავი) არტერიები – მხართავის ღერო, მარცხენა საერთო-საძილე არტერია და მარცხენა ლავიწქვეშა არტერია უკიდურესად კალცინირებული, გარკვეული სახის ანთებითი პროცესის შედეგად მძიმედ დაზიანებული ჰქონდა. მარტივად რომ ვთქვათ, სისხლძარღვებში, რომლებიც რბილი და ელასტიური უნდა იყოს, ექოსკოპიამ გაქვავებული ელემენტები გამოაჩინა. შემდეგ კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ დაადასტურა, რომ ეს მსხვილი სისხლძარღვი რკალის ჩათვლით და მისგან გამომავალი სისხლძარღვების საწყისი ნაწილები ერთიანად გაქვავებული იყოდა ამის გამო ჩვეულებრივი ოპერაცია თანდათან, სულ სხვა, კომპლექსურ და მოცულობით ოპერაციაში გადაიზარდა. აორტის რკალიდან ხომ, თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვები გამოდის. მოგეხსენებათ, თავის ტვინის სისხლით მომარაგების შეფერხება რამდენიმე წამითაც დაუშვებელია, რადგან შეიძლება ტვინში შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს. ოპერაციის სირთულეც სწორედ ამ დილემის გადაჭრაში მდგომარეობდა. თავის ტვინის მკვებავ სისხლძარღვებთან ერთად აორტის რკალის შეცვლის ოპერაცია ადრეც ჩაგვიტარებია. ამჯერად გულზე აორტალური სარქველის შეცვლა და შუნტირება (2 შუნტი) გახდა საჭირო. გულზე თითოეული ეს ოპერაცია საკმაოდ მოცულობითია და ცალ-ცალკემაღალ პილოტაჟს მოითხოვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი მაღალი რისკის ოპერაციებს განეკუთვნება, რომელთა 5 % პაციენტის სიკვდილით მთავრდება. არადა, ეს ყველაფერი მხოლოდ პრელუდია გახლდათ იმ ძირითადი ოპერაციის წინ, რომელიც ამის შემდეგ დავიწყეთ.


– რაში მდგომარეობს უნიკალურობა?


– საქმე იმაშია, რომ გაქვავებულ მონაკვეთში ნებისმიერი პროცედურის ჩატარება ძალზე რთულია, რადგან ყოველ წამს შეიძლება გაქვავებული მასა მოწყდეს ლოკაციას, თავის ტვინისკენ წავიდეს და შეუქცევადი პროცესი გამოიწვიოს. მოცულობით ოპერაციას ქირურგი როგორღაც გაუმაკლავდება, მაგრამ მთავარია, პაციენტის ორგანიზმმა გადაიტანოს ოპერაციის თანამდევი დიდი ტრავმა. მართალია, გულის გაჩერება და ხელოვნურ სისხლის მიმოქცევის სისტემაზე ორგანიზმის გადაყვანა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდებით ხდება, მაგრამ ხანგრძლივად ასეთ მდგომარეობაში ყოფნა თავის მხვრივ, რიგ მავნე გავლენებს მაინც განაპირობებს. თანამედროვე მედიცინაში სხვადასხვა საშუალებათა შორის არსებობს “ღრმა ჰიპოთერმიის” მეთოდი, როცა ორგანიზმის ტემპერატურა 24 გრადუსზე ქვემოთ, ზოგჯერ, 18 გრადუსამდე შეიძლება ჩამოვიყვანოთ. ასეთ მდგომარეობაში შესაძლებელია, თავის ტვინს 20-40 წუთის განმავლობაში შევუწყვიტოთ სისხლის მიწოდება, რაც საშუალებას იძლევა, ხელოვნური სისხლის მიმოქცევაც შეწყდეს და ეს დრო ქირურგმა სისხლძარღვებზე მუშაობისთვის ოპტიმალურად გამოიყენოს, თუმცა რისკები ამ მეთოდსაც ახლავს. განსაკუთრებით რთული – პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდია, რადგან სისხლის შემადედებელი ფაქტორები იცვლება. ჩვენს შემთხვევაში მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ ვერც ერთ კომპონენტს ვერ ამოვაგდებდი – პაციენტი რამდენიმე თვეში ისევ საოპერაციო შეიქნებოდა. დავრწმუნდით, რომ შინაგანი ორგანოები წესრიგში ჰქონდა და გადავწყვიტეთ, ოპერაცია გაგვერისკა. ხელოვნურად სისხლის მიმოქცევის უზრუნველსაყოფად სისხლის მომარაგება ორი სხვადასხვა მხრიდან – ბარძაყის არტერიიდან და მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიიდან გავუკეთეთ და შევძელით, რომ 32 გრადუსზე დაბლა ორგანიზმის ტემპერატურა არ ჩამოგვეყვანა, თანაც, თავის ტვინისთვის სისხლის მიწოდება არ შეგვეწყვიტა.მიდგომამ თვალსაჩინო შედეგი გამოიღო -ოპერაციის დასრულებიდან სულ რაღაც 12 საათის შემდეგ, პაციენტი კონტაქტში შემოვიდა.ჩვენს თხოვნაზე – პირი გაეღო და წყალი მიეღო – პასუხი გაგვცა, რაც ღრმა ჰიპოთერმიის (24 გრადუსამდე ორგანიზმის გაცივების) შემთხვევაში გამორიცხული იქნებოდა.


– ასეთი მასშტაბური ოპერაციის წარმატების საფუძვლად რა მიგაჩნიათ?


– საოპერაციო მაგიდასთან თითქმის 8 საათი ვიდექი, ამ ხნის განმავლობაში წუთითაც არ მქონია შესვენების საშუალება. 11 ანასტომოზი (სისხლძარღვების ერთმანეთთან ან პროთეზთან შეერთება) გაკეთდა, ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც პაციენტს ერთი ოპერაციის დროს, ხუთზე მეტი მანიპულაცია ჩავუტარეთ: ორი კორონარული არტერიის შუნტირება, აორტის სარქვლის, აღმავალი აორტის, აორტის რკალის, მხარ-თავის ღეროს, მარცხენა საძილე და მარცხენა ლავიწქვეშა არტერიის პროთეზირება! იმ შვიდი ათას ოპერაციას შორის, რომელიც ჩაფიძის კლინიკაში გულზე ჩატარებულა, მსგავსი მოცულობის ოპერაცია არ ყოფილა. ასეთ ოპერაციებს მნიშვნელოვანი ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსები სჭირდება. წარმატებას განაპირობებს საოპერაციო გუნდი, რომელიც დაძაბულობის გარეშე მოქმედებს, რომლის წევრები იმდენად შეწყობილები არიან, ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. ქირურგი ისედაც დაძაბულია, ხელს რომ გაიწვდის, ზუსტად უნდა იცოდეს, რომ საჭირო ინსტრუმენტს მიაწვდიან. ოპერაციაში მონაწილე გუნდის წევრები თუ ერთმანეთში საათის მექანიზმივით აწყობილები არ არიან, მსგავსი მასშტაბის ოპერაცია არ უნდა გააკეთონ, რადგან ქირურგის რესურსი და ძვირფასი დრო მეათეხარისხოვან ნიუანსებზე დაიხარჯება და შედეგად, რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაიპარება. საოპერაციოში ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსია, სამაგიეროდ, ემოციური ფონი მაღალია და თუ გუნდის რომელიმე წევრი ანსამბლიდან ამოვარდება, ოპერაციის დრო ხანგრძლივდება, სისხლის დანაკარგი მატულობს, რაც ოპერაციის საბოლოო შედეგზე უარყოფით გავლენას იქონიებს. ამიტომ, 27 ივნისს ჩატარებული ოპერაცია მარტო ჩემი კი არა, სრულიად იმ გუნდის გამარჯვებაა, რომელთან ერთადაც აგერ უკვე, 18 წლის განმავლობაში მიწევს შრომა!


-რა შეგიძლიათ გვითხრათ პაციენტის შესახებ? ვინ არის ის, რომელი სოციალურ ფენას ეკუთვნის?


– გაგეცინებათ, მაგრამ ამ პაციენტის შესახებ საპასპორტო მონაცემების გარდა არაფერი ვიცი. ვცდილობ, ოპერაციამდე პაციენტებთან ახლო ურთიერთობაში არ შევიდე, რადგან ოპერაციის დროს ისედაც მაღალია დაძაბულობის ფონი, ამას სუბიექტური შეგრძნებებიც რომ არ დაემატოს, რადგან ნათქვამია, რომ ქირურგმა საკუთარ ახლობელს ოპერაცია არ უნდა გაუკეთოს. პაციენტები ოპერაციამდე ჩემთან დამეგობრებას ცდილობენ, ჰგონიათ, ამით მეტი გარანტიები ექნებათ… მაგრამ მათ ვუხსნი, რომ პირიქით ჯობს. სჯობს, ოპერაციის დროს ობიექტური გადაწყვეტილებები უემოციოდ მივიღო, ვიდრე ემოციებით დატვირთულმა შეცდომა დავუშვა.ოპერაციის შემდეგ კი, ყოფილ პაციენტთან ჩემი ურთიერთობა მეგობრობაში ხშირად გადასულა.


– თქვენი პაციენტი ახლა როგორ არის?


– როგორც მოგახსენეთ, ოპერაციიდან 1 კვირაში სახლში გაეწერა. ამჟამად ამბულატორიულ მეთვალყურეობაზეა, დღეში 1-2 კილომეტრს დადის. შრომისუნარიანობაც ნელ-ნელა უბრუნდება.



დაგვიმეგობრდით

trance