ახალი კორონა ვირუსი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

ახალი კორონა ვირუსი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

დღეს მსოფლიოში კორონავირუსის მილიონზე (1,277,962) მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 69 ათასი გარდაიცვალა, ხოლო 264 ათასი განიკურნა. საქართველოში ამ დროისთვის 188 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 36 განიკურნა და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსის და გულსისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებით ვესაუბრებით აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ მიხეილ წვერავას.

ბ-ნო მიხეილ, რა გავლენას ახდენს გულსისხლძარღვთა სისტემაზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება ?

მიუხედავად COVID-19-ით გამოწვეული ავადმყოფობის ფართე და სწრაფი გავრცელებისა, მისი გავლენა გულსისხლძარღვთა სისტემაზე ჯერჯერობით ნაკლებად არის შესწავლილი. დღეისათვის არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეილება ითქვას, რომ COVID-19 -ით დაავადებულთა შორის დაახლოებით 40%-ს აღენიშნება კარდოვასკულური ან ცერებრვასკულური დაავადებები, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს კორონა-ვირუსით გამოწვეული ავადმყოფობის მიმდინარეობაზე, მის სიმძიმესა და პროგნოზზე.

ამ თვალთახედვით განსაკუთრებით საყურადღებოა არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, კორონარული დაავადებისა და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები. დასახელებული თანმხლები დაავადებების არსებობა თავისთავად განაპირობებს ვირუსული ინფექციის ფონზე განვითარებული მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის (SARS – severe acute respiratory syndrome) მიმდინარეობის სირთულეს და მაღალ სიკვდილობას, რაც კომპენსაციური მექანიზმების არასრულფასოვნებით არის განპირობებული. უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსით ინფიცირებულ ხანში შესულ პაციენტებში, მაღალი სიკვდილობა სწორედ თანმხლები დაავადებების სიხშირესთან არის დაკავშირებული.


მეორეს მხრივ, ვირუსული ინფექციის ფონზე განვითარებული სისტემური ანთებითი რეაქცია, ანთებითი ციტოკინების და პროკოაგულაციური ფაქტორების აქტივაციით ხელს უწყობს უკვე არსებული კორონარული დაავადების და თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაზიანების გამწვავებას, მის დესტაბილიზაციას (გულის კუნთზე დატვირთვის და შესაბამისად მის მიერ ჟანგბადის მოხმარებისა და მოთხოვნილების ზრდა, ათეროსკლეროზული ფოლაქის მთლიანობის დარღვევა შემდგომი თრომბოზით, კორონარული სტენტის თრომბოზი). იგივე ფაქტორები უწყობს ხელს გულის უკმარისობის გამწვავებასაც.

ამას გარდა თვით ვირუსული ინფექცია, შემთხვევათა 17-20%-ში, იწვევს გულის კუნთის დაზიანებას, რაც სავარაუდოდ, ასევე განპირობებულია სისტემური ანთებითი რეაქციითა და ანთებითი ციტოკინების ზემოქმედებით გულზე. ვუჰანის საუნივრსიტეტო კლინიკაში, ეპიდემიის დროს, 416 ჰოსპიტალიზებულ პაციენტში ჩატარებულმა კვლევამ ავადმყოფთა 20%-ში გამოვალინა გულის კუნთის დაზიანების არსებობა. ამასთან ამ ჯგუფში COVID-19-ით გამოწვეული ავადმყოფობა ხასიათდებოდა მძიმე მიმდინარეობით. კერძოდ მწვავე რესპირაციული დისტერეს სინდრომის, მწვავე თირკმლის უკმარისობის, ინვაზიურ ან არაინვაზიურ მართვით სუნთქვაზე გადაყვანის, ფილტვში მრავლობითი ანთებითი დაზიანების კერის არსებობის სიხშირე გულის კუნთის დაზიანების მქონე პირებში მრავალჯერ (3-7-ჯერ) აღემატებოდა ინტაქტური გულის მქონე პაციენტებთან დასახელებული გართულებების სიხშირეს, სიკვდილობა კი 12-ჯერ უფრო მაღალი იყო. COVID-19 -ს ფონზე გულის კუნთის დაზიანების ძირითადი რისკფაქტორებია არტერიული ჰიპერტენზია, თავის ტვინისა და კორონარული არტერიების არსებული დაზიანება, დიაბეტი, გულისა და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, გარკვეულწილად სიმსუქნე და ორსულობა.

COVID-19-ით ინფიცირების გვიან გართულებებზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია.


როგორ მიმდინარეობს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია ქრონიკული დაავადებების დროს?


გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19-ით დაავადების დროს ფილტვის დაზიანების პროცესში მონაწილეობას ღებულობენ ანგიოტეზინ-ის რეცეპტორები, რომლებიც ვირუსის ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენენ, გამოითქვა აზრი რომ ანგიოტეზინ 2 რეცეპტორების ბლოკატორებისა და აგჰ ინჰიბიტორების დანიშვნა ამ პაციენტებში (დასახელებული ჯგუფების წამლების გამოყენებას ახლავს ანგიოტეზინ-2-ი რეცეპტორების რაოდენობის გაზრდა) საშიშია, არ იქნა დადასტურებული შემგომი დაკვირვებების პროცესში. დღეისათვის ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია და ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯი არ მიიჩნევს სწორად დასახელებული პრეპარატების გამოყენების შეზღუდვას COVID-19 ის მქონე პაციენტებში, მითუმეტეს, რომ მათი წილი (განსაკუთრებით ეს ეხება გულის უკმარისობასა და არტერიულ ჰიპერტენზიას) გულსისხლძარღვთა დაავადებების გართულებებათა და სიკვდილობის შემცირებაში ძალზედ მაღალია.

ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე კონკრეტული რჩევები, რომლებიც არეგულირებს გულსისხლძარღვთა სისტემის დაზიანების მქონე, COVID-19 ით დაავადებული პაციენტების მართვასა და მკურნალობას. ექსპერტთა აზრით მკაცრად უნდა იქნას დაცული არსებული გზამკვლევების რეკომენდაციები. ამასთან მართვის პროცესში აუცლილებლად შესრულებული უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ინფექციისგან დაცვის ყველა საჭირო ღონისძიება.

კორონავირუსი და გულს-სისხლძარღვთა დაავადები.


დაგვიმეგობრდით

trance