კორონარული შუნტირების ოპერაციის შემდეგ (ნაწილი II)

კორონარული შუნტირების ოპერაციის შემდეგ (ნაწილი II)

ათეროსკლეროზული პროცესის პროგრესირებას არტერიის კედელში ქოლესტერინის ჩალაგების გარდა სხვა ფაქტორებიც უწყობს ხელს. ესენია: 

ენდოთელიუმის, ანუ სისხლძარღვის კედლის შიგნითა შრის ფუნქციის დარღვევა, რომელიც ათეროსკლეროზის საწყის ეტაპზე ვითარდება და თანდათან პროგრესირებს, სისხლძარღვის შიგნით მიმდინარე ანთებითი პროცესები, სისხლის შედედების გაძლიერებული უნარი, ქოლესტერინის სახეშეცვლილი ფორმები, ზოგიერთი ინფექციური აგენტი და სხვა. აღნიშნული დამატებითი გამოკვლევების შესაძლებელია აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში.

ათეროსკლეროზის პროგრესირების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და მძლავრი რისკის ფაქტორია არტერიული ჰიპერტენზია, ანუ მაღალი არტერიული წნევა. ბუნებრივია, გებადებათ კითხვები იმის შესახებ, თუ რა არის არტერიული წნევა, როგორ უნდა გაიზომოს იგი, როგორი უნდა იყოს მისი ნორმალური ციფრები, როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას და ა.შ.

არტერიული წნევის ქვეშ იგულისხმება სისხლის წნევა, რომლითაც გულის შეკუმშვის დროს გადასროლილი სისხლი აწვება არტერიის კედელს. არსებობს არტერიული წნევის ორი მაჩვენებელი: სისტოლური, ანუ "ზედა“ წნევა, რომელიც წარმოიქმნება გულის შეკუმშვის დროს სისხლის გადადენით არტერიებში და დიასტოლური, ანუ "ქვედა“ წნევა, რომელიც ასახავს წნევის სიდიდეს არტერიის  შიგნით  გულის  მოდუნების  პერიოდში.    ხშირად  პაციენტები დიასტოლურ წნევას "გულის“ წნევას უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ იგი განსაკუთერებით მნიშვნელოვანია. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი აზრია. საშიშია როგორც სისტოლური ("ზედა“), ასევე დიასტოლური ("ქვედა“) წნევის მატება.      


მართებულია არტერიული წნევის შემდეგნაირად გაზომვა:

  • მჯდომარე მოდუნებულ მდგომარეობაში 5-წთ-იანი დასვენების შემდეგ;

  • თუ მოწიეთ თამბაქო, ან დალიეთ ყავა, ან მუქი ჩაი, წნევის გაზომვამდე არანაკლებ 30წთ. უნდა იყოს გასული, ხოლო საკვების მიღებიდან სულ მცირე - 1სთ.;

  • წნევის პირველი გაზომვა შესაძლებელია არ იყოს ზუსტი, ამიტომ სასურველია იგი გაიზომოს ორჯერ 3წთ-იანი ინტერვალით და გამოითვალოს მათ შორის საშუალო მაჩვენებელი;

  • მარჯვენა და მარცხენა ხელზე მიღებული არტერიული წნევის ციფრებს შორის სხვაობა ზოგჯერ 10მმ.ვწ.სვ.-ზე მეტიც შეიძლება იყოს. ამიტომ თავდაპირველად ორივე ხელზე უნდა გაიზომოთ, შეამოწმოთ, თუ რომელ ხელზეა უფრო მაღალი ციფრები, შემდგომში კი ამ ხელზე უნდა გაიზომოთ არტერიული წნევა.

არტერიული წნევის უფრო ზუსტი შეფასებისათვის არსებობს 24 სთ-იანი მონიტორირების აპარატი, რომელიც აანალიზებს არა მხოლოდ წნევის მომატების ხარისხს, არამედ მის ცვალებადობას დღისა და ღამის განმავლობაში, ჰიპერტენზიის გართულებების რისკს. მისი საშუალებით ექიმს უადვილდება ადექვატური პრეპარატისა და მისი დოზების შერჩევა. ამ აპარატით სარგებლობა შესაძლებელიაა აკად. გ. ჩაფიძის სახელობისგადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში.

არტერიული წნევა უნდა დაქვეითდეს ისეთ ციფრებამდე, რომ ჰიპერტენზიის გართულებათა (მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია) რისკი მინიმალური იყოს. თანამედროვე მონაცემებით ეს მაჩვენებელი 140/90 მმ.ვწ.სვ.-ზე დაბალია, ხოლო ხანდაზმული ასაკის ჰიპერტენზიულ პაციენტებში სისტოლური (ზედა) წნევა სასურველია 140-150 მმ.ვწ.სვ. ფარგლებში იყოს, ხოლო დიაბეტიან პაციენტთათვის - 140/85 მმ.ვწ.სვ.-ზე ნაკლები.

არტერიული ჰიპერტენზიის განკურნება შეუძლებელია მკურნალობის მოკლე კურსით. ძალიან ხშირად პაციენტები წნევის საწინააღმდეგო პრეპარატებს იღებენ სიმპტომურად, ანუ მაშინ, როდესაც დააფიქსირებენ წნევის მაღალ ციფრებს, ან შეაწუხებთ უსიამოვნო თვითშეგრძნება (თავბრუხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა და სხვა). ხშირად ვაწყდებით არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის სხვა "მოდელს“ - პაციენტები რამდენიმე კვირის განმავლობაში იტარებენ ოპტიმალურ თერაპიას, მიმართულს წნევის თანდათანობითი ნორმალიზაციისკენ, მაგრამ მოიწესრიგებენ თუ არა წნევას, თვლიან, რომ საბოლოოდ განიკურნენ და წყვეტენ წამლების მიღებას. ეს არანაკლებ სერიოზული შეცდომაა - მკურნალობა შესვენებებით დაუშვებელია. 


II ნაწილის დასასრული
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი
რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - პროფესორი ნონა დოლიძე





დაგვიმეგობრდით

trance