კორონარული შუნტირების ოპერაციის შემდეგ (ნაწილი III)

კორონარული შუნტირების ოპერაციის შემდეგ (ნაწილი III)

არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის პროცესში ხშირად აუცილებელი პირობაა ცხოვრების სტილის შეცვლა. იგი გულისხმობს ჭარბი წონის შემთხვევაში წონის შემცირებას, სუფრის მარილის, ალკოჰოლის, ქოლესტერინითა და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი პროდუქტების მიღების მკაცრ შეზღუდვას რეკომენდებული ნორმების მიხედვით, კალიუმით მდიდარი საკვები პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის, დაბალკალორიული რძის პროდუქტების მეტი რაოდენობით მიღებას, ფიზიკური აქტივობის გაზრდას, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტას.

არტერიული ჰიპერტენზიის არსებობის შემთხვევაში საჭიროა სხეულის მასის კონტროლი. წონის დაკლება იწვევს არა მხოლოდ არტერიული წნევის დაქვეითებას, არამედ კარგად მოქმედებს სისხლში ქოლესტერინის, შაქრის დონეზე, სისხლის შედედებაზე, ათეროსკლეროზის მიმდინარეობის ტემპზე. თქვენ თავად შეგიძლიათ გამოთვალოთ თქვენი სხეულის მასის ინდექსი. ამისათვის სხეულის წონა უნდა გაყოთ სიმაღლის კვადრატზე (კგ/მ ). თუ აღნიშნული ინდექსი მეტია 25-ზე, თქვენ ზედმეტი წონა გაქვთ, თუ იგი 30-ზე მეტია, ეს უკვე სიმსუქნეა.

კარგად არის ცნობილი სუფრის მარილის როლი არტერიული წნევის მომატებაში. მისი მიღების ნორმა 5-6 გრამია დღეში, რაც დაახლოებით შეესაბამება 1 ჩაის კოვზ მარილს. ეცადეთ, არ გადააჭარბოთ ამ ნორმას. გაითვალისწინეთ ასევე, რომ მწეველ პირებში არტერიული წნევის მომატების ალბათობა მეტია და ამავე დროს, მგრძნობელობა ზოგიერთი წნევის დამწევი პრეპარატის მიმართ ნაკლებია. ალკოჰოლის მიღებაც დაკავშირებულია არტერიული წნევის მომატებასთან, თუმცა პაციენტებში არსებობს ის აზრი, რომ ალკოჰოლი აფართოებს სისხლძარღვებს. გაითვალისწინეთ, რომ იგი არ არის რეკომენდებული ყველა ავადმყოფისთვის, ვისაც არტერიული ჰიპერტენზია აქვს. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში მისი დოზირებული მიღებაც კი იწვევს გულისცემის აჩქარებასა და არტერიული წნევის მომატებას.

რეგულარული ფიზიკური აქტივობა დაკავშირებულია არტერიული წნევის დაქვეითებასთან 5-10 მმ-ით. ფიზიკური ვარჯიშის ინტენსივობა ზომიერი უნდა იყოს. ვარჯიში თანდათანობით უნდა დაიწყოთ. მისი ეფექტურობის და უსაფრთხოების მაჩვენებელია სუნთქვის მსუბუქი გაძლიერება და გულისცემის სიხშირის მცირედი მომატება. თითოეული პიროვნებისათვის ფიზიკური დატვირთვის მოცულობა, რომელიც მისთვის ზომიერად ჩაითვლება, აბსოლუტურად სხვადასხვა შეიძლება იყოს იმის მიხედვით, თუ რა ასაკის და წონისაა პაციენტი, რამდენად შეჩვეულია ფიზიკურ დატვირთვას და რისი უნარი აქვს. თანამედროვე რეკომენდაციის მიხედვით არტერიული ჰიპერტენზიის არსებობისას მიზანშეწონილია რეგულარული, მინიმუმ 30 წთ ზომიერი დინამიკური ვარჯიშები კვირაში 5-7 დღე. ვარჯიშის სახე და დოზა სასურველია შერჩეული იყოს ექიმის მიერ. საუკეთესოა ყოველდღიური ვარჯიში სუფთა ჰაერზე. ძალიან მსუქანმა პირებმა პირველი სამი კილოგრამის დაკლებამდე თავი უნდა შეიკავონ ფიზიკური ვარჯიშის დაწყებისგან.

უკეთესია უარი თქვათ ვარჯიშზე, თუ:

  • არტერიული წნევის მორიგი გასინჯვისას აღმოგაჩნდათ ნორმაზე მაღალი ციფრები;
  • გრძნობთ ნებისმიერი ხასიათის ტკივილს, მაგალითად გულმკერდში (თუ ტკივილი ვარჯიშის დაწყების შემდეგ აღმოცენდა, შეწყვიტეთ ვარჯიში და გაიარეთ შემოწმება);
  • გრძნობთ დაღლილობას, ან გაქვთ ჰაერის უკმარისობა.

ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია შიმშილისა და სიზარმაცის გრძნობასთან ბრძოლა. ასეთ დროს ცხოვრების წესის ცვლილებით გამოწვეული სტრესი (ფიზიკური და ფსიქოლოგიური) ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ თავად წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს თქვენი ჯანმრთელობისათვის. მსგავს შემთხვევაში აუცილებელია გაესაუბროთ ექიმს და ერთად მოძებნოთ სწორი არჩევანი. არსებობს არტერიული წნევის მედიკამენტური მკურნალობის გარკვეული პრინციპები, რომელთა ცოდნა თქვენთვის აუცილებელია:

  • პრეპარატები უნდა მიიღოთ პრაქტიკულად მთელი ცხოვრების მანძილზე;
  • პრეპარატების დოზა არ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ იყოს დადგენილი;
  • მკურნალობის პროცესში შეიძლება შეიცვალოს პრეპარატის სახე;
  • სასურველია ხანგრძლივად მოქმედი პრეპარატების მიღება, რომლებიც ინიშნება დღეში 1-2 - ჯერ;
  • მიზანშეწონილია ორი (ზოგჯერ სამი) პრეპარატის კომბინაცია, მაგრამ გაცილებით ნაკლები დოზით, ვიდრე ერთი პრეპარატისა;
  • არტერიული წნევის ეპიზოდური მომატება არ წარმოადგენს დანიშნული პრეპარატის შეცვლის საფუძველს.

მიუხედავად დანიშნული მკურნალობისა, ზოგჯერ შესაძლებელია მოხდეს არტერიული წნევის მოულოდნელი აწევა, ე.წ. "ჰიპერტონული კრიზი“. აღნიშნული შეიძლება განპირობებული იყოს ფსიქო-ემოციური სტრესით, კლიმატის შეცვლით, დაძაბული სამუშაოთი, დიდი რაოდენობით მარილიანი საკვების მიღებით. ზოგჯერ "ჰიპერტონული კრიზი“ ვითარდება მაშინ, როდესაც პაციენტს ავიწყდება პრეპარატის დროულად მიღება, ან შეგნებულად არ იღებს მას. აღნიშნულ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების სახით შეგიძლიათ მიიღოთ სწრაფად და ხანმოკლედ მოქმედი პრეპარატი. სწრაფად მოქმედების მიზნით ეს პრეპარატი უნდა დაღეჭოთ, ან მიიღოთ ენის ქვეშ. არტერიული წნევის დაკლება ხდება დაახლოებით 20-30 წთ-ის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში წნევა არ იკლებს - მიმართეთ ექიმს.

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის მხოლოდ ყოველდღიური მიღება უზრუნველყოფს გულის კუნთის ინფარქტისა თუ თავის ტვინის ინსულტის რეალურ პრევენციას (პროფილაქტიკას). კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არტერიული ჰიპერტენზიისგან სრული განკურნება შეუძლებელია, თუმცა ცხოვრების სტილის შეცვლისა და პრეპარატის რეგულარული მიღების საფუძველზე შესაძლებელია ნორმალური არტერიული წნევის დონის შენარჩუნება. არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა უნდა იყოს სისტემატიური და ხანგრძლივი, ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე. შედეგი ამად ნამდვილად ღირს!


თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი, იგი ითვლება ძალიან მაღალი რისკის პაციენტად რეკურენტული, ანუ განმეორებითი კორონარული ეპიზოდების განვითარებისათვის. მათ სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული პროცესი დაჩქარებული ტემპით პროგრესირებს. თანამედროვე მონაცემების მიხედვით შაქრიანი დიაბეტი გულის კორონარული დაავადების ეკვივალენტად არის მიჩნეული. შაქრის მაღალი შემცველობა სისხლში თავისთავად იწვევს ქოლესტერინული ცვლის მოშლას, რასაც, როგორც უკვე იცით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ათეროსკლეროზის პროგრესირებისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სასურველია დაბალი სიმკვრივის - "ცუდი“ ქოლესტერინის დონე სისხლში 50-70 მგ/დლ-ს არ უნდა აღემატებოდეს. დიაბეტიანო პაციენტებო რეგულარულად შეიმოწმეთ სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის შემცველობა! მათი მაღალი დონე გამოიწვევს არა მხოლოდ ჩატარებული კორონარული შუნტირების ოპერაციის ცუდ გამოსავალს, არამედ შექმნის დიდ საფრთხეს ინსულტის, განგრენის, თირკმლების, თვალის და სხვა ორგანოთა სერიოზული დაზიანების განვითარებისათვის. ვინაიდან ჩვენი პროფილის პაციენტებში დიაბეტით დაავადებულთა წილი საკმაოდ დიდია, აკად გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრში აქტიურად ფუნქციონირებს ენდოკრინოლოგიური სამსახური.


III ნაწილის დასასრული
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი
რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - პროფესორი ნონა დოლიძე

 




დაგვიმეგობრდით