ჩაფიძის გულის ცენტრი პანდემიის პირობებში

ჩაფიძის გულის ცენტრი პანდემიის პირობებში

COVID-19 ის პანდემია რთული გამოწვევაა, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის, ასევე საქართველოსთვის.


ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მძიმე  მდგომარეობის მიუხედავად,  პანდემიით გამოწვეული პრობლემების ზღვარზე მყოფი  საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და ზოგადად სამედიცინო საზოგადოება ჯერჯერობით, უმკლავდება გახანგრძლივებული კრიზისის პირობებში ამ ურთულეს გამოწვევებს.


ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თანამშრომლებში დაფიქსირდა COVID -19 -ის გავრცელების მრავალი შემთხვევა და გაიხსნა ცხელების ცენტრი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.


ყველა სახის სამედიცინო მომსახურეობის მიღება ცენტრის პაციენტებს შეუძლიათ ჩვეულებრივ, როგორც აქამდე, მხოლოდ ერთი განსხვავებით, კერძოდ მაქსიმალურად გაზრდილი და გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით.


ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები გერმანიის სერტიფიცირების კომპანიის "თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსპარენტობასა და ხარისხში“ (KTQ) მოთხოვნების შესაბამისად.

ჰოსპიტალური სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პანდემიისა და ეპიდემიის დროს აუცილებელი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევაში. სწორედ ამიტომ სტრუქტურის, პროცესისა და შედეგის დონეზე შემუშავდა პაციენტების მკურნალობის "სერია“, რომელთა დანერგვა და იმპლემენტაცია მოხდა გერმანიის სერტიფიცირების კომპანიის მიერ რეკომენდირებული "კრიზისების მართვის გეგმის“ მიხედვით.

დღევანდელი მონაცემებით ცენტრის 400 თანამშრომლიდან დაინფიცირდა 63 (16%), ხოლო დაინფიცირებული 63 თანამშრომლიდან უკვე გამოჯანმრთელდა 56 თანამშრომელი. თითოეულ შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა, დგინდება კონტაქტები და საჭიროების შემთხვევაში ხდება კონტაქტირებული პირების იზოლაცია ან მკურნალობა.

მსოფლიოში სიკვდილიანობის გამოწვევის  უმთავრეს მიზეზად, სამწუხაროდ, კვლავ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები რჩება. პანდემიის პირობებში ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ჩვენი პაციენტების, თანამშრომლებისა და ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის წინაშე, ვცდილობთ მაქსიმალურად ეფექტიანად შევძლოთ დღეს უკვე მკვეთრად მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ჯანმრთელობის დაცვა.


COVID -19- ის გავრცელების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, ჰოსპიტალიზირებულ კარდიოლოგიურ პაციენტთა და დაინფიცირებული თანამშრომლებისთვის (სტაციონარული მომსახურეობის საჭიროების შემთხვევაში) შენობის მე-4 სართულზე შეიქმნა 18 პაციენტზე გათვლილი COVID -19- ის სრულიად იზოლირებული განყოფილება, რაც საშუალებას გვაძლევს  უსაფრთხოდ  ვმართოთ კარდიოლოგიური პროფილის პაციენტები, ეს კი  თავისთავად შრომის უსაფრთხოების საწინდარია,  უპირველეს ყოვლისა ცენტში მომუშავე პერსონალისთვის. 


ახალი კორონავირუსის (COVID -19) გადატანილი პაციენტების მკურნალობის სრულყოფისა  და მათი შემდგომი მეთვალყურეობის მიზნით შეიქმნა კლინიკური მართვის მულტიდისციპლინარული ჯგუფი.


COVID -19- ის განყოფილების თანამშრომლები მკაცრად იცავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის ბრძანების N01-123/ო "ახალი კორონა ვირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID -19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ N23 დანართით გათვალისწინებული COVID -19- ის შესაძლო დადასტურებული შემთხვევების მართვისათვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) გამოყენებისა და სხვა უსაფრთხოების ღონისძიებების რეკომენდაციებს.


აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გადაუდებელი დახმარების, ინტერვენციული, კარდიოლოგიის, ქირურგიის, დიაგნოსტიკის, შინაგანი მედიცინის, პულმონოლოგიის, რითმოლოგიის, რეაბილიტაციის დეპარტამენტები მუშაობენ სრული დატვირთვით.

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ყველას, უმორჩილესად გთხოვთ, საქართველოს მოქალაქეებს ზედმიწევნით დაიცვათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მთავრობის მიერ მოწოდებული რეგულაციები, რათა ერთად შევძლოთ მდგომარეობის გაუმჯობესება.


ვისწავლოთ ცხოვრება და მუშაობა COVID-19-თან ერთად.

დაგვიმეგობრდით