"ჩაფიძის გულის ცენტრი" კოვიდპანდემიასთან ომშიც წინა ხაზზე დგას #რასწერსმედია

უცვლელად გთავაზობთ გაზეთ "ასავალ-დასავალში“ (N 35) გამოქვეყნებულ ინტერვიუს "აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" დიაგნოსტიკის დეპარტამენტის და კოვიდ განყოფილების ხელმძღვანელთან, მედიცინის დოქტორ - ლელა კოპალეიშვილთან

"დიახ, "ჩაფიძის გულის ცენტრი“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ჯორბენაძე გახლავთ, ხოლო აღმასრულებელი დირექტორის პოსტს რევაზ ჯორბენაძე იკავებს, პირველი კლინიკაა არამარტო საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელმაც გერმანული აუდიტორული კომპანია "KTQ”-ის სერტიფიცირება გაიარა და სრულად აკმაყოფილებს ევროპული დონის ჰოსპიტალურ სტანდარტს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "ჩაფიძის გულის ცენტრი“ დაინფიცირებულთათვის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო თავშესაფარს წარმოადგენს, სადაც უმაღლესი დონის პროფესიონალები თითოეული პაციენტის სიცოცხლის გადარჩენისა და გამოჯანმრთელებისათვის თავდადებით იბრძვიან, ვესაუბრებით ცენტრის კოვიდგანყოფილების ხელმძღვანელს, კარდიოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ლელა კოპალეიშვილს.

 

- ჩვენი ცენტრის კოვიდ განყოფილება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში 2020 წლის ნოემბრიდან არის ჩართული. თავიდან კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის 18 საწოლი გქვონდა, დღეისათვის კი ერთდროულად 43 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია შეგვიძლია. 2020 წლის ნოემბრიდან დღემდე ჩაფიძის გულის ცენტრის კოვიდ-განყოფილებამ 376 პაციენტი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ  ჩვენთან შემოსული კოვიდპაციენტების დიდ ნაწილს ერთი ან რამდენიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნება - არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული დაავადება, სიმსუქნე და სხვა, რაც კორონავირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

- ასეთ მოცემულობაში რამდენად შედეგიანად ახერხებთ ვერაგი ვირუსისგან პაციენტების განკურნებას?

"ჩაფიძის გულის ცენტრის“ კოვიდ განყოფილებაში მოთავსებული 376 პაციენტიდან მხოლოდ 3 პაციენტის გადარჩენა გახდა შეუძლებელი, ანუ ლეტალობამ 0.7 % შეადგინა, რაც არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ნიშნულითაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.


- კოვიდპაციენტების მკურნალობისას მხოლოდ საყოველთაოდ აპრობირებულ მეთოდებს იყენებთ თუ ვირუსთან ბრძოლის თქვენეული სტრატეგია გაქვთ შემუშავებული?

- ჩვენს კლინიკაში კოვიდპაციენტებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროტოკოლის მიხედვით ვმკურნალობთ და ამასთან, ინოვაციურ მეთოდებსაც მივმართავთ. კერზოდ, ვიყენებთ ისეთ მედიკამენტებს, როგორებიცაა "რემდესივირი“ და "ტოცილიზუმაბი“. აღსანიშნავია, რომ ამა წლის იანვარაში დაიდო ბრიტანეთის დიდი კლინიკური კვლევის (REMAP-CAP) შედეგი, რომლის თანახმადაც "ტოცილიზუმაბის“ გამოყენებამ "კოვიდ-19“-ით დაავადებულ მძიმე პაციენტებში სიკვდილიანობა 24%-ით შეამცირა.

ამასთან, ცენტრის კოვიდგანყოფილებაში მუშაობს და კონსულტაციებს ატარებს მულტიდისციპლინარული გუნდი, რომელიც ინფექციონისტის, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, თერაპევტის, პულმონოლოგის, რევმატოლოგის, ნევროლოგის, ანგიოლოგისა და რეაბილიტოლოგისგან შედგება.

- კოვიდვაქცინაციის მნიშვნელობაზე რისი თქმა შეგიძლიათ?

"ჩაფიძის გულის ცენტრის“ კოვიდგანყოფილებაში მოთავსებული რამდენიმე პაციენტი, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა ჰქონდა გაკეთებული, დაავადებას შედარებით მსუბუქად გაუმკლავდა და ჰოსპიტალიაციაც ნაკლები დროით დასჭირდა.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ავტორიზებული ვაქცინები, რომლებიც მაღალი ეფექტიანობით ხასიათდებიან, ინფიცირებისაგან აბსოლუტურ დაცვას ვერ უზრუნველყოფენ, მაგრამ დაავადების მძიმე მიმდინარეობის, საშიში გართულებებისა და სიკვდილისაგან გვიცავენ!"


ესაუბრა ჯაბა ხუბუა

დაგვიმეგობრდით