პროტოკოლი: Covid-19 კლინიკური მართვა ჩაფიძის გულის ცენტრში

პროტოკოლი: Covid-19 კლინიკური მართვა ჩაფიძის გულის ცენტრში

"აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ კოვიდ-19-ის  პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში 2020 წლის ნოემბრიდან ჩაერთო. ამჟამად კოვიდ-19-ის განყოფილება გაშლილია 43 საწოლზე, რაც ცენტრის საწოლთა საერთო რაოდენობის 30%-ს შეადგენს. 43 საწოლიდან 4, განკუთვნილია ინტენსიური მეთვალყურეობისა და მკურნალობისთვის.  

ინფექციის დინამიურად მზარდი გავრცელების პირობებში პაციენტთა ადექვატური მკურნალობის მიზნით შეიქმნა მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც ევროპული ქვეყნების გაიდლაინებზე დაყრდნობით მუშაობს. გუნდი დაკომპლექტებულია მედიცინის სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებით - ინფექციონისტი,  პულმონოლოგი, კარდიოლოგი, ნეფროლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, თერაპევტი, რევმატოლოგი, ანგიოლოგი, ეპიდემიოლოგი, რეაბილიტოლოგი და ფსიქოლოგი. ის აქტიურად თანამშრომლობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურ დირექტორთან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან.

განვლილ 10 თვეში კოვიდ-19-ის განყოფილებამ 421 პაციენტი გაატარა, მ.შ., 13 (პაციენტთა საერთო რაოდენობის 3%) იყო კრიტიკულად მძიმე, 109 პაციენტი (26%) - მძიმე, ხოლო 299 (71%) - საშუალო სიმძიმის. აღსანიშნავია, რომ პაციენტთა დიდ ნაწილს  ერთი ან რამდენიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება ქონდა: არტერიული ჰიპერტენზია - 64%-ს, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება - 6%-ს, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 - 32%-ს, გულის იშემიური დაავადება - 13%-ს, სიმსუქნე - 32%-ს, თირკმლის ქრონიკული დაავადებები - 6%-ს და სხვა.  კლინიკის სპეციფიკიდან გამომიდარე, თანმხლები დაავადები ძირითადად გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების დაავადებებითა და დიაბეტით იყო წარმოდგენილი.

კოვიდ-19-ის მძიმე მიმდინარეობისას, ცალკეულ შემთხვევებში ვლინდებოდა  მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, რომლის მკურნალობის სწორი ტაქტიკის განსაზღვრა ფართო სპექტრის დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევებით ხორციელდება.

კოვიდ-19-ის განყოფილების მიერ გატარებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე 122 პაციენტიდან  55 შემთხვევაში (ამ კატეგორიის პაციენტთა 45%) დადებითი ეფექტი მიღებულ იქნა რემდესივირის ინფუზიის შედეგად, ხოლო 27 შემთხვევაში (22%) მდგომარეობა გაუმჯობესდა ტოცილიზუმაბის ინფუზიის ფონზე.  

ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 5 პაციენტში (გატარებული პაციენტების 1,1%), რაც არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ნიშნულითაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

გარდა ფართო სპექტრის დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევებისა,  წარმატების მიღწევის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს სამკურნალო პროტოკოლში ინოვაციური მედიკამენტური მკურნალობა (რემდისივერი, ტოცილიზუმაბი), ჰორმონალური მკურნალობის სწორად წარმართვა და ბაქტერიული ინფექციის თანდართვის  შემთხვევაში, ანტიბიოტიკების მართებული  გამოყენება, ასევე მნიშვნელოვანია  რეაბილიტაციისა და ფსიქოლოგიური დახმარების ჩართულობა, რამაც ხელი შეუწყო დაავადების მძიმე და საშუალოდ მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საუკეთესო გამოსავლის დადგომას ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის გარეშე.

ცენტრში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პანდემიის პირობებში ახალი სამოქმედო პრინციპების სწრაფ და ეფექტურ ადაპტირებას და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე პაციენტებისთვის.

შეიქმნა ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვის პროტოკოლები, რომელიც ითვალისწინებს, როგორც COVID-19- ის სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევების  მკურნალობას, ასევე პანდემიის პირობებში გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების დაავადებებით  პაციენტების სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ბატონ ამირან გამყრელიძის თანადგომითა და მხარდაჭერით ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა ტესტირებამ ხელი შეგვიწყო შეგვექმნა უსაფრთხო სამუშაო გარემო. ცენტრში  შემუშავდა მართვისა და მონიტორინგის სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის: კლინიკური რისკების შეფასება პანდემიის დროს და ინდივიდუალური სამედიცინო შემთხვევების შესახებ დეტალური ანგარიშგება, ეპიდემიისა და პანდემიის პირობებში ტექნიკური რისკების (შიდა და გარე საფრთხეები) გათვალისწინება, გადაუდებელი შემთხვევების მართვა, ჰიგიენის, დეზინფექციის და უსაფრთხო სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ანგარიშგების სისტემა, მონაცემთა დაცვის უსაფრთხოება.

COVID -19-ის  პანდემია რთული გამოწვევაა, და მასთან გამკლავება მასობრივი იმუნიზაციის, ფართომასშტაბიანი ტესტირების, პერსონალის უწყვეტი განათლების, სამკურნალწამლო პრეპარატებისა და დიაგნოსტირების საშუალებების უწყვეტის მარაგის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესებისა და შრომის უასაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის გარეშე  პრაქტიკულად შეუძლებელია.

არანაკლებ საყურადღებოა "პოსტკოვიდური“ მდგომარეობების   პრევენცია და მკურნალობა, რისი განხორცილებაც საქართველოში სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარება შეუძლებელია პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფუნქციებისა და ადგილის სწორად განსაზღვრის  გარეშე.

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი გთავაზობთ ევროპული  ქვეყნების გაიდალინებსა და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადებულ კოვიდ-19-ის მკურნალობის პროტოკოლს. ცენტრი მზადაა  ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის

დაგვიმეგობრდით