,,წარმოუდგენელია კარგი ექიმის გულგრილობა, პირიქით, ექიმი აუცილებლად პაციენტის საუკეთესო მეგობარი უნდა იყოს

,,წარმოუდგენელია კარგი ექიმის გულგრილობა, პირიქით, ექიმი აუცილებლად პაციენტის საუკეთესო მეგობარი უნდა იყოს" - რევაზ ჯორბენაძის „წარმატების ფორმულა“

14 ნოემბერს რადიო "ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას "წარმატების ფორმულა“ ჩაფიძის გულის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი რეზო ჯორბენაძე სტუმრობდა, რომელმაც კლინიკის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ბატონო რეზო, ბოლოს 2015 წელს შევხვდით ერთმანეთს. საინტერესოა, რა შეიცვალა 7 წლის მანძილზე თქვენს საქმიან ცხოვრებაში?

– რა თქმა უნდა, ცვლილებები ბევრია. პირველ რიგში, ორწლიან პანდემიას და უამრავ ახალ გამოწვევას აღვნიშნავდი, რომელთა კვლევა დღესაც გვიწევს.


– რამდენად გაიზარდა მომართვიანობა პანდემიის პერიოდში?

– სამწუხაროდ, კოვიდის პერიოდში ერთიორად გაიზარდა კარდიომიოპათიების შემთხვევები და განსაკუთრებით ახალგაზრდებში. სავარაუდოდ, სწორედ კოვიდის შედეგია პაციენტთა ამგვარი მატება. ერთი თვის წინ გენეტიკური კვლევა დავამკვიდრეთ, რომელიც ყველა რისკის წინასწარ გათვლისა და ყველა პრობლემის გათვალისწინების საშუალებას გვაძლევს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი კვლევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოშია ახალი, ამიტომ ძალიან გვაინტერესებს მისი შედეგები.


– რამდენად აუწყო ქართულმა მედიცინამ და კონკრეტულად კარდიოლოგიამ ფეხი მსოფლიო მედიცინას, რომელიც მუდმივად ვითარდება, 

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარდიოლოგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და კარდიოქირურგია საკმაოდ მაღალ დონეზეა, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს. საბედნიეროდ, ჩვენ გამოცდილი სპეციალისტებიც მრავლად გვყავს და უმაღლესი დონის აპარატურაც გვაქვს, ცოტა ხნის წინ კი, დაფინანსების ახალ სისტემაზე გადავედით, რამაც კიდევ უფრო გაგვიმარტივა მუშაობა და პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა, მით უფრო, რომ საგრძნობლად შემცირდა ამ მომსახურების ღირებულება.

– რა ფუნქციას ასრულებს უწყვეტი განათლების სკოლა, რომელიც ჩაფიძის ცენტრის ბაზაზე მოქმედებს?

– რა თქმა უნდა, უწყვეტი განათლება ყველა დარგში მნიშვნელოვანია, თუმცა მედიცინას ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან შეუძლებელია ფეხი არ აუწყო მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებს. თანამედროვე მედიცინა მტკიცებულებაზეა დამყარებული, ამიტომ მაქსიმალურად ვეხმარებით თანამშრომლებს პროფესიულ ზრდაში. ძალიან სასიამოვნოა, რომ კვალიფიკაციის ამაღლებაში უცხოელი პარტნიორების აქტიურად გვეხმარებიან გაცვლითი პროგრამებით. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩაფიძის ცენტრი იმ მცირერიცხოვან კლინიკათა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც გერმანული ხარისხის სერტიფიკატი აქვს. სამ წელიწადში ორჯერ გავიარეთ სერტიფიცირება და ახლა მესამე ტურისთვის ვემზადებით.


– რა სიახლეს სთავაზობთ პაციენტებს სამედიცინო აღჭურვილობის თვალსაზრისით?

– სულ ცოტა ხნის წინ შევიძინეთ 380-შრიანი სპეციალური კარდიოლოგიური ტომოგრაფი, რომელიც სხვა სარგებელთან ერთად ინფარქტის რისკის ათი წლის განმავლობაში განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს არაინვაზიური მეთოდით.

– რა გეხმარებათ ტონუსის შენარჩუნებაში მუდმივი დაძაბულობისა და სტრესის ფონზე?

– პასუხისმგებლობის გრძნობა და პაციენტების სიყვარული. წარმოუდგენელია კარგი ექიმის გულგრილობა, პირიქით, ექიმი აუცილებლად პაციენტის საუკეთესო მეგობარი უნდა იყოს, რომელიც ყოველთვის მთელი გულით დაეხმარება.


– ყველა ქვეყანას თავისი დაავადება აქვს. საინტერესოა, საქართველოში რა უჩივიან პაციენტები ყველაზე ხშირად?

–  სამწუხაროდ, ონკოლოგიასთან ერთად პირველ ადგილზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია, თუმცა ბოლო 10-15 წლის მანძილზე სწრაფად განვითარებული კარდიოლოგიის და მედიკამენტის წყალობით, ბევრად გაიზარდა გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი. მთავარი, ჩივილების შემთხვევაში ექიმის დროული მიმართვა და დროული დიაგნოსტიკა.

– რას თვლით თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?

– ძალიან ვამაყობ ჩვენი კოვიდ-განყოფილების მუშაობით პანდემიის პერიოდში, რომელიც გერმანული გაიდ-ლაინების გათვალისწინებით შეიქმნა, მულტიდისციპლინარულ გუნდში კი, კარდიოლოგი, პულმონოლოგი, ინფექციონისტი და ნეფროლოგი გაერთიანდა, რომლებიც ყველა გადაწყვეტილებას ერთად იღებდნენ და მკურნალობის კურსსაც ერთობლივად ნიშნავდნენ.


– რა პრინციპით არჩევთ თანამშრომლებს?

– განათლების, გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის ფონზე არანაკლებ მნიშვნელოვანია გულისხმიერება. ვფიქრობ, ექიმს არა მატერიალური, არამედ ადამიანის დახმარების ინტერესი უნდა ჰქონდეს.


– რამდენ ქულით შეაფასებთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას?

– ალბათ 7 ქულით.


ბლიცკითხვები 

– რა სლოგანი აქვს თქვენს კლინიკას?

"ხარისხი, ინოვაცია, ზრუნვა!“

– რა სფეროში ისურვებდით საქმიანობას მედიცინის გარდა?

– მედიცინის გარდა ვერსად ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი.

– როგორ ისვენებთ სტრესული დღის შემდეგ?

– მეგობრებთან ერთად ვცდილობ დასვენებას, თუმცა დროის სიმცირის გამო ყოველთვის ვერ ვახერხებ.

– რა შეგძინათ უცხოეთში მიღებულმა განათლებამ?

– უზარმაზარი გამოცდილება, რაც ქართულ მედიცინაში დამკვიდრებული სტერეოტიპების დაძლევაში დამეხმარა.

– საჩუქარი, რომელიც ყოველთვის გახარებთ?

– გულწრფელი მადლობა.

– ფრაზა, რომლითაც პაციენტს ამშვიდებთ?

"ყველაფერი კარგად იქნება!“

– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– ოჯახის წევრებს.

– რომელ კერძს ამზადებთ ყველაზე გემრიელად?

– შემწვარ კვერცხს სულგუნით.

– რას დახატავდით გადაცემაში "წარმატების ფორმულა“?

– ალბათ, გულს.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– პირველ რიგში, პასუხისმგებლობის გრძნობა ადამიანების და იმ საქმის მიმართ, რომელსაც აკეთებ. ვფიქრობ, ნებისმიერი საქმე ისე უნდა გააკეთო, თითქოს საკუთარი თავისთვის ან ახლობლებისთვის აკეთებ.













დაგვიმეგობრდით

trance