"Gazi Medical Journal" წარმოგიდგენთ

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში "Gazi Medical Journal" (ჟურნალი რეგისტრირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო ბაზაში) გამოქვეყნდა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მომზადებული ნაშრომი "Nurses’ work environment characteristics and job satisfaction: evidence from Georgia" (ექთნების საქმიანობის გარემოს მახასიათებლები და სამუშაოთი კმაყოფილება საქართველოში).


სტატიის ავტორები არიან - რევაზ ჯორბენაძე, თენგიზ ვერულავა, ბექა დანგაძე, ლეილა კარიმი.


ჯანდაცვის სისტემა და მოსახლეობისთვის მიწოდებული მომსახურება არსებითად არის დამოკიდებული ქსელში მომუშავე კადრების რაოდენობაზე, მათ მომზადებასა და შენარჩუნებაზე. საქართველოში აღინიშნება ექთნების რაოდენობის დეფიციტი. ერთ ექიმზე მოდის 0.9 ექთანი, მაშინ როდესაც, სტანდარტით 1 ექიმზე უნდა მოდიოდეს მინიმუმ 2 ექთანი (განვითარებულ ქვეყნებში 1/4-თან შეფარდებაა). აღნიშნული უარყოფით გავლენას ახდენს ჯანდაცვის სისტემაზე და პაციენტის სამედიცინო მომსახურების შედეგებზე.


კვლევის მიზანს შეადგენდა ექთნების დეფიციტის მიზეზების, საექთნო პრაქტიკის გარემოს მახასიათებლების, ექთნების სამუშაო ადგილზე შენარჩუნების და სამუშაოთი კმაყოფილების პრობლემის შესწავლა საქართველოში.


კვლევის ფარგლებში გამოიკითხა თბილისის საავადმყოფოებში მომუშავე ექთნები სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. რესპოდენტთა უმრავლესობის მიხედვით ექთნების სამუშაოთი კმაყოფილება დაბალია. ასევე დაბალია საექთნო პრაქტიკის გარემოს მახასიათებლები, მათ შორის კადრების სათანადო დაკომპლექტება და რესურსები. შესაბამისად, მაღალია სამუშაოთი დატვირთვიანობის მაჩვენებელი, მაშინ როდესაც რესპოდენტთა უმრავლესობა (85%) არ არის კმაყოფილი ხელფასით. საკმაოდ მაღალია სამუშაოს დატოვების განზრახვის მაჩვენებელი (38%).


კვლევის შედეგების მიხედვით, არსებობს კორელაცია საექთნო პრაქტიკის გარემოს, სამუშაო კმაყოფილებას და ექთნების სამუშაო ადგილზე შეკავებას შორის. ექთნის რაოდენობის დეფიციტი დაკავშირებულია სხვადასხვა მიზეზებთან, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის უუნარობა, შეინარჩუნოს ექთანი სამუშაო ადგილზე. ექთნებისთვის მიმზიდველი არ არის, და შესაბამისად ნაკლები სურვილი აქვთ იმუშაონ არსებულ სამუშაო პირობებში. შედარებით უარყოფით გარემო პირობებში დაბალია სამუშაოთი კმაყოფილება და იზრდება სამედიცინო დაწესებულების დატოვების მზაობა.


მიზანშეწონილია საექთნო საქმიანობის გარემოს მახასიათებლების გაუმჯობესება. საექთნო საქმიანობის გარემოს გაუჯობესების პროგრამებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ექთნის სამუშაო ადგილზე შეკავებას და ამით შეამციროს ექთნების დეფიციტი.


სტატიის ელექტრონული მისამართია:

http://medicaljournal.gazi.edu.tr/index.php/GMJ/article/view/1452/1233


დაგვიმეგობრდით

trance