კორონარული ანგიოგრაფია (კორონაროგრაფია)
კორონარული არტერიების დაავადება გულის დაავადებათა შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია , მას წამყვანი ადგილი უკავია სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის.
კორონაროგრაფია- გულის მკვებავი სისხლძარღვების (კორონარების) დაზიანების გამოვლენის საუკეთესო მეთოდია. კორონარული (გულის) არტერიების დაავადების დროს მცირდება იმ სისხლძარღვთა სანათური, რომლებიც სისხლით ამარაგებენ გულის კუნთს, ამ შევიწროვებას კი განაპირობებს არტერიის შიგნითა კედელზე სხვადასხვა ნივთიერებების, იქნება ეს ქოლესტეროლის, ლიპიდებისა თუ ფიბროზული ფოლაქების გაჩენა. შედეგად, გულის კუნთი ვეღარ იღებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადს, ამ მდგომარეობამ კი შესაძლოა მიგვიყვანოს ინფარქტამდეც კი.
პროცედურის არსი
კორონაროგრაფია ტარდება როგორც გეგმურად, ასევე გადაუდებელ შემთხვევებშიც. პროცედურა მცირედ ტრავმულია და ამ მანიპულაციის დროს მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზია კეთდება, სპეციალური კათეტერი შეჰყავთ ბარძაყის (ზოგ შემთხვევაში - წინამხრის) არტერიიდან და თანდათან ანაცვლებენ აორტის ზედა ნაწილისკენ, კორონარული არტერიების სიღრმეში. შემდეგ კათეტერის საშუალებით შეჰყავთ რენტგენოკონტრასტული ნივთიერება, რომელიც სისხლის ნაკადს კორონარულ სისხლძარღვებში მიაქვს და მათი ვიზუალიზაცია სპეციალური დანადგარის - ანგიოგრაფის საშუალებით ხდება. ჩატარებული გამოკვლევის შედეგი ანგიოგრაფის მონიტორის ეკრანზე გამოდის და კარგად ჩანს, როგორ, სად და რა ხარისხით არის დაზიანებული გულის მკვებავი სისხლძარღვები. გამოკვლევის საფუძველზე ხდება მკურნალობის სწორი ტაქტიკის არჩევა: ან ბალონური ანგიოპლასტიკა (სტენტირება), ან ქირურგიული მკურნალობა-კორონარული შუნტირება, ან მედიკამენტური მკურნალობა
გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის თანხმობის მიღების შემდეგ, შეიძლება, პროცედურის დამთვრებისთანავე ჩატარდეს მკურნალობა რომელიმე ზემოთხსენებული მეთოდით.
როდის მივმართოთ ექიმს?
იშემიის პირველი ნიშნები, რომლებსაც ადამიანები ხშირად არ ანიჭებენ მნიშვნელობას, გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებები, ჩხვლეტა და დისკომფორტია.
სწორედ ამ დროს უნდა დავუკავშირდეთ კარდიოლოგს, რადგან დაავადების ამ ეტაპზე გამოვლენა, საშუალებას მოგცემთ, შეაჩეროთ პათოლოგიური პროცესები და მნიშვნელოვნად შეამციროთ სერიოზული გართულებების რისკი.
კორონაროგრაფია განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როცა ადამიანს დასმული აქვს გულის იშემიური დაავადების დიაგნოზი, გადატანილი აქვს ინფარქტი, ან აქვს სტენოკარდია კორონარული ანგიოგრაფია უსაფრთხოა და სერიოზული გართულებები იშვიათად ახასიათებს.